ახალი ამბები

ორგანიზატორები უარყოფენ, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულს კავშირი აქვს ანტისაოკუპაციო აქციასთან

26 ივნისი, 2019 •
ორგანიზატორები უარყოფენ, რომ ყაჩაღობაში ბრალდებულს კავშირი აქვს ანტისაოკუპაციო აქციასთან

განახლება, 26 ივლისი, 2024: ნეტგაზეთს აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაუკავშირდა პირი, რომლის დაკავებას ეხება ამბავი. მან მოითხოვა სტატიიდან საკუთარი ვინაობის წაშლა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ, შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ის არ იყო შერაცხადი. ამის დასადასტურებლად აღნიშნულმა პირმა წარმოადგინა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დადასტურდა მისი მონაყოლის სინამდვილე. შესაბამისად, ნეტგაზეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატიიდან ამ პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების წაშლის გადაწყვეტილება. 


პოლიციამ “112”-დან შესული შეტყობინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა, რომელსაც თბილისში, Iplus-ის მაღაზიაში შეჭრას, მძევლის აყვანასა და ნივთების დაზიანებას ედავებიან. მედიის ნაწილი მას დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციებთან აკავშირებს და იუწყება, რომ დაკავებული დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და სხვების მსგავსად შს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენება მოითხოვა. აქციის ორგანიზატორები უარყოფენ რაიმე კავშირს მასთან.

გამოძიების ცნობით, აღნიშნული პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია “iplus”-ში დღეს, 26 ივნისს შეიჭრა, რის შემდეგაც გამყიდველს ძალადობისა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. ის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღნიშნულის შემდეგ მედიასაშუალებების ნაწილმა, მათ შორის, ტელეკომპანია “იმედმა” და “POSTV”-მ, ბრალდებულის დაკავების ვიდეო გაავრცელეს და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნულმა პირმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლექსო მაჭავარიანს ესაუბრა. მისი თქმით, ეს ადამიანი აქციაზე მართლაც გამოვიდა სიტყვით, თუმცა ეს მაშინ მოხდა, როცა სცენა და მიკროფონის ხელმისაწვდომობის საკითხი შესაბამისად მოწესრიგებული არ იყო. მისივე თქმით, შემდგომ, 23 ივნისს, როცა სცენას უკვე იცავდა ბარიკადები და დაცვა, ეს პირი კი ადგილზე კვლავ გამოჩნდა და თხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებდა სცენის შიდა ტერიტორიის დატოვებაზე. მაჭავარიანის ცნობით, აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მიმართეს და სამართალდამცავებს ჩააბარეს ის.

“აქციის პირველ დღეებში, როცა სრული უკონტროლობა იყო მიკროფონთან და არც ჯებირები, არც დაცვა იდგა, ძალიან ბევრი ადამიანი ადიოდა სცენაზე და უამრავ რამეს იძახდა. ერთ-ერთი იყო ეს პიროვნება, რომელიც მიკროფონთან მოხვდა და, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, საკუთარი აზრი გამოხატა. საკმაოდ პოზიციური აზრი, როგორც მახსოვს, აქციის მიზნებთან თანხვედრაში მყოფი.

მეორე დღეს, როცა უკვე გავწიეთ დაცვის ღონისძიებები, ჯებირები მოვიტანეთ და დავიწყეთ პროვოკატორებისგან და მსგავსი სუბიექტებისგან ტერიტორიის დაცლა, ეს პირი იქ [ისევ] შევნიშნეთ. საკმაოდ აღელვებული იყო და სცენის შიდა ტერიტორიის დატოვებაზე სასტიკ უარს აცხადებდა. დაცვის თანამშრომლებთან წაკინკლავებაც მოუვიდა.

ამის შემდეგ მე და რამდენიმე ორგანიზატორი მივედით პოლიციასთან, რომლებიც გამზირზე მორიგეობენ. მივმართე პოლიციელ ლადო სადღობელაშვილს, რომელიც მეტნაკლებად  ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებს. ვთხოვე, მოსულიყო და დაგვხმარებოდა ამ პირის იქიდან გაყვანაში. კამერიან პოლიციელებს დაელოდნენ, მათი მოსვლის შემდეგ კი გაიყვანეს ეს პიროვნება. ის, რომ აქციის ორგანიზატორებმა ეს პიროვნება პოლიციას ჩააბარეს, არის გადაღებული. ასე რომ, ამ მხრივ რაც უნდა ეცადონ შალვა რამიშვილი და მისი POSTV, ჩირქი მოგვცხონ, არ გამოუვათ”, – უთხრა მაჭავარიანმა “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი