ახალი ამბები

აკრძალვის შემდეგ რუსი ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა გააუქმა ტურები საქართველოში – Interfax

26 ივნისი, 2019 • 1021
აკრძალვის შემდეგ რუსი ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა გააუქმა ტურები საქართველოში – Interfax

რუსული გამოცემა INTERFAX რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის აკრძალვის შემდეგ რუსი ტურისტების მხოლოდ მცირე ნაწილმა გააუქმა ჯავშანი საქართველოში სამოგზაუროდ.

ტურები არ გაუუქმებიათ არც იმ ტურისტებს, რომლებიც რუსეთში 8 ივლისამდე უნდა დაბრუნებულიყვნენ და არც იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში სექტემბერ-ნოემბერში უნდა ჩამოსულიყვნენ.

“ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, არსებული სიტუაცია არც ისეთი კრიტიკულია რუსული ტურისტული ბაზრისთვის. გაუქმებული ტურების ოდენობა მინიმალურია, რაც შეეხება 8 ივლისის შემდგომ თარიღებს, ტურისტები ამ შემთხვევისთვის ტრანზიტულ რეისებზე ჯავშნიან ბილეთებს“, – უთხრეს ტუროპერატორების ასოციაციაში INTERFAX-ს.

ასოციაში ასევე ამბობენ, რომ რუსულმა ტუროპერატორებმა წლის ბოლომდე საქართველოში 5 ათასი ტური გაყიდეს, რომელთა ფასი 35 ათასი რუბლიდან (დაახლ. 1 600 ლარი) იწყება. მათივე თქმით, ტურები საქართველოში ძირითადად გაუქმებულია იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოში 8 ივლისიდან ზაფხულის ბოლომდე უნდა დარჩენილიყვნენ.


ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისის განკარგულებით მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები დროებით აუკრძალა.

ეს განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

თბილისში, პარლამენტის წინ, გამართული აქციები და პროტესტი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ განიხილეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზეც.

“ექსტრემისტული ელემენტების მიერ პროვოცირებული რუსოფობიული პროვოკაცია რუსი დეპუტატების მიმართ შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო გამოვლინება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, ექსტრემისტებიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილოს რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან ან იქ იმყოფებიან”, – ნათქვამია კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი