ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად დაპირებისა, პროკურატურას აპარატი გამოძიებაში არ ჩაურთავს

26 ივნისი, 2019 • 1641
ომბუდსმენის თქმით, მიუხედავად დაპირებისა, პროკურატურას აპარატი გამოძიებაში არ ჩაურთავს

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების გამოძიებაზე პროკურატურას აპარატისთვის ჯერ არ მიუმართავს. 24 ივნისს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი.

“პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ სახალხო დამცველს საზედამხედველო ფუნქციით ჩართვს ამ გამოძიებაში, დღემდე არ ყოფილა მათი მხრიდან კონტაქტი, თუმცა დღესვე ჩვენ ოფიციალურად მივმართავთ პროკურატურას, რომ ჩაგვრთოს მიმდინარე გამოძიებაში, რათა გავეცნოთ, რამდენად დროულად და ადეკვატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ვფიქრობ, რომ დღეს პირველი რიგის ამოცანა სახლმწიფოს მხრიდან უნდა იყოს იმ პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება თუნდაც იმ ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით: ვინც ისროდა ამ ტყვიებს დამიზნებით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე სხეულის დაზიანებისა და დასახიჩრების შემთხვევები; ასევე, იმ პირთა პასუხისმგებლობა, ვისაც ევალებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და სამსახურეობრივი გულგრილობისა თუ სხვა გარემოების გამო ვერ მოახერხა პრევენცია იმის, რომ ასეთი გადაჭარბებული ძალა არ გამოეყენებინა პოლიციას ამ შემთხვევაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ“,- ამბობს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, 20 ივნისს იქ მყოფი ყველა პოლიტიკოსის ვალდებულაბა იყო, რომ გაეკეთებინა მაქსიმუმი იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული შეტაკება პოლიციასთან, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ადამიანების დაშავებას.

“რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებასა და ბრალს, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას როლი რა იყო და  შეგროვებული მტკიცებულებები რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით მას ბრალი წაეყენოს, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს და დღეს კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ გავეცნოთ საქმის მასასლებს.

ნიკა მელიას ალბათ ეყოლება ადვოკატი და მასაც მოვუწოდებ, მოგვაწოდოს ყველა ის ინფორმაცია, რასც პროკურატურა გადასცემს, შევისწავლით და მონიტორინგს გავუწევთ“,- აცხადებს ლომჯარია.

გარდა პროკურატურისა, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებაში სახალხო დამცველი უკვე ჩაერთო, საუბრობს პრემიერიც. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გუშინ 25 ივნისს მიცემულ ინტერვიუში მამუკა ბახტაძე ამბობს:

“ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება, მე მინდა ამავე დროს ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენიტრებული გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებაზე ყველა მიმართლებით.

იცით, რომ ამავე დროს არსებობს კითხვები, რომ ხომ არ ჰქონდა ზედმეტი ძალის გამოყენებას ადგილი და ამ მხრივაც მე მინდა გითხრათ, რომ უზრუნველყოფილი არის მაქსიმალური გამჭვირვალობა. ძალიან კარგია, რომ ომბუდსმენი არის ჩართული ამ პროცესში.

ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტიორებსაც მივმართეთ, რომ ისინიც იყვნენ ჩართულნი გამოძიების ყველა ეტაპზე,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი