ახალი ამბები

საპატრიარქო მრევლს საქართველოში დასვენებისკენ, ბანკებს კი შეღავათებისკენ მოუწოდებს

25 ივნისი, 2019 • 741
საპატრიარქო მრევლს საქართველოში დასვენებისკენ, ბანკებს კი შეღავათებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თავის მრევლს მოუწოდებს, ტურიზმის სფეროში შექმნილი გამოწვევების გამო საქართველოში დაისვენონ. მოწოდება ასევე ეხება ბანკებს.

“19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში”, – ნათქვამია საპატრიარქოს 25 ივნისის განცხადებაში.


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

პუტინის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ტურისტული სექტორის მხარდამჭერი კამპანია მოჰყვა, სახელწოდებით “გაატარე ზაფხული საქართველოში”. მასში ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი მონაწილეობს. ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფეისბუქ ჯგუფიც, რომელშიც ათობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი