ახალი ამბები

პუტინის ემბარგოს ფონზე, რუსული “დოჟდი” ეთერში ქართველი მომღერლების შემოქმედებას გადასცემს

24 ივნისი, 2019 • 1450
პუტინის ემბარგოს ფონზე, რუსული “დოჟდი” ეთერში ქართველი მომღერლების შემოქმედებას გადასცემს

რუსული ტელეკომპანია “დოჟდი”, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული “ტურისტული ემბარგოს” ფონზე, ეთერში ქართველი მომღერლების შემოქმედებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეარხის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“დღეს, მთელი დღის მანძილზე, “დოჟდის” ეთერში – ქართველი მუსიკოსების შესრულება. გვიყურეთ და გვისმინეთ!” – წერია ტელეკომპანიის მიერ 24 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში. ტექსტს დართული აქვთ ფოტო, რომელზეც აღბეჭდილნი არიან თბილისში, პარლამენტის წინ მდგომი აქტივისტები  ეროვნული დროშებით ხელში.

“დოჟდი”, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა, დამოუკიდებელი, პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიაა რუსეთში.


საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

პუტინის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ტურისტული სექტორის მხარდამჭერი კამპანია მოჰყვა, სახელწოდებით “გაატარე ზაფხული საქართველოში”. მასში ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი მონაწილეობს. ქვეყნის პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფეისბუქ ჯგუფიც, რომელშიც ათობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი