ახალი ამბები

რას ითხოვს ტურიზმის სექტორი სახელმწიფოსგან რუსული ემბარგოს შესამსუბუქებლად

25 ივნისი, 2019 • 2020
რას ითხოვს ტურიზმის სექტორი სახელმწიფოსგან რუსული ემბარგოს შესამსუბუქებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ტუროპერატორებმა, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლებმა 24 ივნისს ის მოთხოვნები გააცნეს, რაც, მათი აზრით, სექტორს რუსული სანქციების გავლენას შეუმსუბუქებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თქვა, რომ მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ დაეხმარება მათ სახელმწიფო.

“მოლაპარაკებები სამინისტროებთან გაგრძელდება, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც, რადგან საზღვარზე შემოსვლის პროცედურები ცოტა უნდა გამარტივდეს. ანუ სხვა ქვეყნის ტურისტებიც უნდა დავახმაროთ იმ სექტორს, რომელიც საკმაოდ დაზარალდა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია შავი ზღვის რეგიონი, რომელიც ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი.

მისივე თქმით, სასტუმროების წარმომადგენლებს რუსი ტურისტები სწერენ, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და სურთ გაიგონ, როგორ შეიძლება ამ პირობებში ქვეყანაში მოხვედრა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, ახლომდებარე აეროპორტებში ბაქოში, ერევანში და ტრაპზონში უფასო ავტობუსები დავაყენოთ. ამ გზით საქართველოში რუსი ტურისტები შემოვლენ.

“ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან მაღალია ცნობადობა საქართველოზე, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქ დაინიშნოს ჩარტერული რეისები. ასევე უნდა გამარტივდეს საზღვარზე შემოსვლის პროცედურები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ირანი, არაბული ქვეყნები და ინდოეთი, ამ დრომდე ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა საკმაოდ  გართულებული იყო. ამ ხალხს მაქსიმალურად უნდა გავუმარტივოთ აქ შემოსავლა, რათა ის დანაკლისი გარკვეულწილად მაინც შევავსოთ, რაც ახლა ამ სექტორს აქვს”, – ამბობს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, წელს სექტორი მხოლოდ რუსი ტურისტებისგან 700 მლნ დოლარზე მეტ თანხას ელოდა. ალავერდაშვილის თქმითვე, სახელმწიფოსთან ერთად მუშაობით შეედცებიან ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

ტურიზმის სექტორის მოთხოვნები კი შემდეგია

  • უფასო ავტობუსი  ახლი აეროპორტიდან (მაგალითად, ბაქო, ერევანი, ტრაპზონი)
  • ჩარტერებსი სუფსიდირება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უფრო რეაგირებენ და აქტიურობენ ( ბალტიისპიტეთი, უკრსინა)
  • გადასახადების გადახედვა
  • დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა
  • პიარკამპანიების დაფინანსება ტუროპერატორებისთვის
  • საზღვარზე პრობლემების მოგვარება, განსაკუთრებით, ირანელი და ინდოელი ტურისტების მიმართულებით
  • შიდა ტურიზმის წახალისება და სხვა

ნათია თურნავას თქმით, რუსეთიდან საჰაერო ფრენების და ტუროპერატორებისთვის საქართველოში ტურების დაგეგმვის აკრძალვა სექტორისთვის სერიოზული გამოწვევაა. მინისტრი აცხადებს, რომ წელს საქართველო მილიონ რუს ტურისტს ელოდა, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად როგორ დაეხმარება სახელმწიფო აღნიშნულ სექტორს.

“მზად ვართ, ბიზნესს გვერდით დავუდგეთ იმისთვის, რომ ამ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი შემცირდეს. მათი დიდი ნაწილის მოთხოვნა იყო, სხვა ბაზრებთან ერთად შევინარჩუნოთ რუსი ტურისტები ჩვენს ბაზარზე. მიუხერდავად იმისა, რომ ჩვენი ტურისტული ბაზარი დივერსიფიცირებულია, ამ ბაზრის 25%-ს რუსი ტურისტები წარმოადგენენ. სწორედ აქედან გამომდინარე, ბიზნესს სურს ხელშეწყობა, რათა ეს სეგმენტი არ დაიკარგოს. მას შემდეგ, რაც აჭარის ტურუზმის სექტორის წარმომადგენლებს შევხვდები და მექნება სრული სურათი, მერე უკვე კონკრეტულ გეგმაზე ვისაუბრებთ.”

ანდრო ჯიშკარიანი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა, წყალტუბოში მდებარე სასტუმროს ფლობს. როგორც ის ამბობს,  ამ ეტაპზე სახელმწიფომ ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. სასტუმროს მფლობელის თქმით, აკრძალვა მის ბიზნესს უკვე დაეტყო, რადგან რუსებმა ჯავშნები გააუქმეს.

“მოგეხსენებათ, წყალტუბო არის სამკურნალო კურორტი და ტურისტების დიდი ნაწილი სამკურნალოდ ჩამოდიოდა. ბუნებრივია, მომხდარი არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა ზარალს სხვა ბაზრებით ავანაზღაურებთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად პოტენციურ ბაზრად ისრაელსაც განვიხილავთ”, – ამბობს ანდრო ჯიშკარიანი.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რუსეთის ამგვარი რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის შემდეგ დაწყებულ  პროტესტს – გავრილოვს პარლამენტის შენობა დაატოვებინეს, თბილისში კი ანტისახელისუფლო და რუსეთის ოკუპაციის საწინააღმდეგო მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი