ახალი ამბები

მერიაში ამბობენ, რომ აქციის ადგილიდან გატანილი კონსტრუქციები დააბრუნეს

23 ივნისი, 2019 • 705
მერიაში ამბობენ, რომ აქციის ადგილიდან გატანილი კონსტრუქციები დააბრუნეს

მერიის ინფორმაციით, პარლამენტთან არსებული კონსტრუქციები, რომელიც გუშინ 22 ივნისს აქციის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფმა“ გაიტანა, ადგილზე დააბრუნეს.

მერიაში განმარტავენ, რომ სცენა და აპარატურა, — მიკროფონები, დინამიკები და ა.შ, გეგმიური დასუფთავების დროს გარკვეული დროით სხვა ადგილზე გადაიტანეს.

კონსტრუქციების გატანას გამოეხმაურა თბილისის მერიც, კახა კალაძეც, რომელმაც თქვა, რომ საკითხის ირგვლივ “კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა გაავრცელეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოს აპარატურა მერიამ მოიპარა“.

“სამსახურის მიერ რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, დილის საათებში დასუფთავდა. რადგან ადგილზე არ იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც კონსტრუქციებზე იტყოდა, რომ მათია, დასუფთავების სამუშაოების ფარგლებში ინფრასტრუქტურა დროებით გადატანილ იქნა საწყობში, ხოლო მას შემდეგ, როგორც კი გამოუჩნდა პატრონი, ბრუნდება უკან.

ამასთან, მოვისმინეთ განცხადებები, რომ თითქოს მერიამ მოიპარა ტერიტორიიდან გახმოვანების აპარატურა, რაც არის დიდი ტყუილი. თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვთ რაიმე მორალური გრძნობა, ვთხოვ, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისჯგუფს“ გავრცელებული დეზინფორმაციისთვის,“- ამბობს კალაძე.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა აქციის ორგანიზატორებსაც. მათ კომენტარს ცოტა ხანში მოგაწვდით.

ამავე თემაზე:

აქციის ორგანიზატორები: მერიამ ღამით პარლამენტთან სცენა და აპარატურა აიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი