ახალი ამბები

კონსტრუქციები ბრუნდება პარლამენტთან, მიზანი ხელის შეშლა არ ყოფილა — თბილსერვის ჯგუფი

23 ივნისი, 2019 • 1031
კონსტრუქციები ბრუნდება პარლამენტთან, მიზანი ხელის შეშლა არ ყოფილა — თბილსერვის ჯგუფი

აქციის ორგანიზატორების პასუხად „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია, აცხადებს, რომ პარლამენტთან არსებული კონსტრუქციუები უკვე უბრუნდება ადგილს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სცენა და აპარატურა, — მიკროფონები, დინამიკები და ა.შ — თბილისის მერიის თანამშრომლებმა გუშინ ღამით აქციისთვის ხელის შეშლის მიზნით აიღეს და მერიას მათ დაბრუნებას სთხოვენ.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანახმად, მათ 23 ივნისს გეგმიურად დაასუფთავეს რუსთაველის გამზირი, მათ შორის პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია, კონსტრუქციები დროებით დასაწყობდა და მალე დააბრუნებენ პარლამენტთან, ხოლო გახმოვანების აპარატურა მათ იქ არ დახვედრიათ.

„გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ მიზანი არ ყოფილა აქციისთვის ხელის შეშლა, ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება. რაც შეეხება აქციისთვის საჭირო კონსტრუქციას, იგი უახლოეს პერიოდში დაბრუნდება რუსთაველის გამზირზე“, — წერია გავცრელებულ განცხადებაში.


  • თბილისში 20 ივნისიდან მრავალათასიანი დემონსტრაციები მიმდინარეობს
  • მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შემდეგაც  შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
  • ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
  • დააკავეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
  • დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
  • პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი