ახალი ამბები

ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან საქართველო უყვართ — ზურაბიშვილი პუტინის პასუხად

23 ივნისი, 2019 • 790
ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან საქართველო უყვართ — ზურაბიშვილი პუტინის პასუხად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, დროებით აკრძალოს რუსეთიდან საქართველოში ფრენები, ასე პასუხობს:

„[რუსმა] ტურისტებმა უნდა გააგრძელონ ჩამოსვლა, რადგან მათ უყვართ საქართველო. ხოლო პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა უნდა გადაჭრან პრობლემები, რაც საფუძველია იმისა, რაც მოხდა, და ამ პრობლემების გადაწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენ ხელახლა უნდა გავაერთიანოთ საქართველოს ტერიტორიები. ამან არ უნდა იმოქმედოს ტურისტებზე, არ უნდა იმოქმედოს მოსახლეობაზე და არ უნდა იმოქმედოს მშვიდობიან მდგომარეობაზე, რაც, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში არსებობს“.

ზურაბიშვილმა ეს 22 ივნისს, ტელევიზია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში თქვა ჟურნალისტის კითხვაზე, რას უპასუხებდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის.

ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი