ახალი ამბები

“რასია 24”-ის მტკიცებით თბილისში თავს დაესხნენ – ვიდეოში ჟურნალისტზე ძალადობა არ ჩანს

22 ივნისი, 2019 • 1622
“რასია 24”-ის მტკიცებით თბილისში თავს დაესხნენ – ვიდეოში  ჟურნალისტზე ძალადობა არ ჩანს

“რასია 24”-ის ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ  თბილისში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, თუმცა  ვიდეოში მათზე ძალადობა არ ჩანს. დაწყებულია გამოძიება.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის “რასია 24”-ის ინფორმაციით, თბილისში მათ გადამღებ ჯგუფს 22 ივნისს თავს დაესხნენ. როგორც ტელევიზიის კორესპოდენტი სტანილსავ ბერნოლდი ამბობს, სიუჟეტს ამზადებდნენ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების გაუქმებაზე, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა მათთან მივიდა.

“ინტერვიუს ვწერდით ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ამ დროს რამდენიმე ახალგაზრდა პატრიოტული შეძახილებით მოგვიახლოვდა.”

სტანილსავ ბერნოლდი ამტკიცებს, რომ მათ მისი და ოპერატორის ცემას სურდათ. კადრები, რომელიც თავად ტელევიზიამ გაავრცელა ასახულია ორი ადამიანის [ქართველების] ჩხუბი, რაშიც მონაწილეობას “რასია 24”-ის ჟურნალისტი საერთოდ არ იღებს. კადრებში არც მის ან მის ოპერატორზე ძალადობა არ ჩანს.  ვიდეოში ჩანს, რომ ისინი უყურებენ ჩხუბს. უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებიც “რასია 24”-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩხუბობენ.

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით დაიწყო. პირველი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, ხოლო მეორე ძალადობის გულისხმობს.

მომხდარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ “რადიკალურად განწყობილმა” პირებმა “რასია 24”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმა სცადეს. “მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან უზრუნველყონ როგოც რუსეთის მოქალაქეების ისე რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ველოდებით შესაბამის პასუხს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან უპირველესად კი ეუთოს წარმომადგენლებისგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი