ახალი ამბები

თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია – კადიროვის მუქარის განცხადება

22 ივნისი, 2019 • 1959
თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია – კადიროვის მუქარის განცხადება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირია, თავისი ტელეგრამ არხის საშუალებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მუქარანარევ განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

“მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია,” – აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ საქართველოსა და რუსეტს შორის დაპირიპირებას დასავლური სახელმწიფოები და აშშ “ასაზრდოებენ”.

“ალაჰია მოწმე, რომ ჩვენ ჩეჩნეთში ვცდილობთ, დავალაგოთ ურთიერთობები ქართველ ინტელიგენციასთან, სწავლულებთან, კულტურის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნავს კადიროვი.

კადიროვმა შეცდომა უწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ გაუარესებაში რუსეთი დაადანაშაულა. მისივე მოსაზრებით, რუსეთი თავად არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით და ერთიანობით.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმემ დაკარგა თვალი.

დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, 305 კი დააკავეს.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, რასაც მოგვიანებით მასშტაბური აქცია მოჰყვა.

აქციების შედეგად უკვე გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი