ახალი ამბები

ომბუდსმენი მთავრობას აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის ანაზღაურებისაკენ მოუწოდებს

21 ივნისი, 2019 • 664
ომბუდსმენი მთავრობას აქციაზე დაშავებულთა მკურნალობის ანაზღაურებისაკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველის თქმით, 20 ივნისის აქციის შემდეგ კლინიკებში სულ რეგისტრირებულია 217 პაციენტი. დაშავებულებს შორის 80 პოლიციელია.

სახალხო დამცველი წერს, რომ აპარატის წარმომადგენლების ვიზიტისას  კლინიკებში რჩებოდა 54 დაშავებული პირი, მათ შორის, 8 პოლიციელი. ის ასევე მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას რომ აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად.

„ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებულია თავის და ზედა კიდურების არეში, მათ შორის გაბნეული ჭრილობები. რამდენიმე მათგანი რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიყენებული დაზიანებები არ იყო თანხვედრაში რეზინის ტყვიებით მიყენებულ ტიპიურ დაზიანებებთან და საჭიროებს შემდგომ შეფასებას“,- ამბობს ლომჯარია.

ლომჯარია თავის განცხადებაში ცალკე უსვამს ხაზს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეწყვეტის შედეგად დაშავდა მედიის 33 წარმომადგენელი.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი