ახალი ამბები

პოლიტიკურ პარტიებს ეკისრება პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება – UK-ის საელჩო

21 ივნისი, 2019 • 1059
პოლიტიკურ პარტიებს ეკისრება პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება – UK-ის საელჩო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ახლა გაერთიანების დროა. მოვუწოდებთ ყველას თავშეკავებისკენ და კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების დაცვისკენ. პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა, რათა გამოირიცხოს ძალის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა ლიდერს, ეს რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გააჟღეროს”, – ნათქვამია განცხადებაში.


პოლიციამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რის ამოწურვის შემდეგაც მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა. პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი