თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი მოითხოვს, რომ ირაკლი კობახიძეს ლექციების ჩატარების საშუალება აღარ მიეცეს. აღნიშნული მოთხოვნით მათ პეტიცია უკვე შექმნეს.
სტუდენტები ამბობენ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებში პასუხისმგებლობა პარლამენტის აწ უკვე ყოფილ თავმდჯომარეს ეკისრება, რომელმაც, მათი თქმით, უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.
“ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.
გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.
ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს“- წერია პეტიციაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებს:
1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;
2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად,“ – წერია პეტიციაში.
ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.
ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.