ახალი ამბები

Amnesty ხელისუფლებას 20 ივნისის დარბევის დამოუკიდებელი გამოიძიებისკენ მოუწოდებს

21 ივნისი, 2019 • 901
Amnesty ხელისუფლებას 20 ივნისის დარბევის დამოუკიდებელი გამოიძიებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International) საქართველოს ხელისუფლებას 20 ივნისის მოვლენების დაუყოვნებლივი, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ლევან ასათიანი, Amensty-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ მართალია, პოლიციის ვალდებულებაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობას უპასუხოს, თუმცა მათი პასუხი უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული.

„აღმაშფოთებელ სცენებში ჩანს, რომ მცირე რაოდენობის ძალადობრივ დემონსტრანტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უმრავლესობაში იყვნენ, განურჩევლად ესროდნენ“, — ციტირებს ორგანიზაცია ასათიანს.

„რეზინის ტყვიებს შეუძლია მძიმე დაზიანებების გამოწვევა და ხალხის დასაშლელად განურჩევლად არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული“, — ამბობს იგი.

ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს: იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია დამატებითი აქციები, ხელმძღვანელობამ პოლიციას უნდა მისცეს ინსტრუქციები, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას.

რა მოხდა

ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი