ახალი ამბები

მაუწყებლობის შესახებ კანონში რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები მომზადდა

11 დეკემბერი, 2014 •
მაუწყებლობის შესახებ კანონში რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები მომზადდა

კანონპროექტის მიხედვით, 63-ე მუხლს, რომელიც შეეხება რეკლამის, ტელეშოპინგისა და სპონსორობის შესახებ ზოგად დებულებებს, ემატება 9 ახალი ქვეპუნქტი.

 

დამატებული ქვეპუნქტების მიხედვით, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო, ან/და ტელეშოპინგის არხისა, რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის, თუმცა შესაძლებელია განთავსდეს პროგრამის მსვლელობისას ისე, რომ არ დაირღვეს “პროგრამის ფასეულობა”. ცვლილების მიხედვით, არ შეიძლება ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიების, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური პირის გამოსვლის, რელიგიური რიტუალის ტრანსლაციის ჭრა რეკლამით.

 

კანონპროექტი უშვებს სარეკლმაო წყვეტას პროგრამის მსვლელობისას იმ შემხთვევაში, თუ საუბარია მხატვრულ ფილმზე, რომელიც არის 15 წუთზე მეტის, ან საბავაშვო გადაცემაში, რომელიც აღემატება 30 წუთს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში რეკლამა შეიძლება გავიდეს 30 წუთში ერთხელ.

 

ასევე დაშვებულია სარეკლამო წყვეტა სპორტული, მხატვრული გადაცემის ან იმ ღონისძიების მსვლელობისას, თუ ეს პროგრამები შეიცავენ ბუნებრივ ინტერვალს.

 

კანონის პროექტი ადგენს, რომ ახალი ამბებში რეკლამა მხოლოდ 30 წუთში ერთხელ შეიძლება გადაიცეს. 63-ე მუხლის ბოლო, მე-18 ქვეპუნქტი ადგენს, რომ:

 

“მაუწყებელმა  ან/  და  მისმა  თანამშრომელმა  ფულადი  თანხის  ან  სხვა  მატერიალური ფასეულობის  მიღების სანაცვლოდ  პროგრამაში  არ  უნდა  გაუწიოს  პოპულარიზაცია  ან გამოხატოს მხარდაჭერა რაიმე პროდუქციის, ორგანიზაციის ან მომსახურების მიმართ. რაიმე პროდუქციის,  ორგანიზაციის  ან  მომსახურების  შესახებ  პროგრამაში მითითება რედაქციულად უნდა იყოს დასაბუთებული. სახელწოდების, ლოგოს ან ფასის შესახებ მითითება დაყვანილი უნდა იყოს მინიმუმამდე.“

 

კანონპროექტის მიხედვით, 64-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტი ადგენს, რომ მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა და ტელეშოპინგი უნდა განთავსდეს ისე, რომ არ აღემატებოდეს მაუწყებლობის ხანგრძლივობის 20%–ს (მოქმედებს 2016 წლის 15 იანვრამდე).


ამის გარდა, კანონპროექტი მაუწყებლებს ავალდებულებს, რომ ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში, ჯამში, არანაკლებ 90 წამისა.

 

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და  რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის  მფლობელი, ვალდებული  არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში, ჯამში, არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

 

რაც შეეხება სპონსორობის საკითხს, სპონსორობისას დაუშვებელია პირდაპირი მოწოდება საქონლის/მომსახურების შეძენაზე მიწოდებასა  და  მოხმარებაზე,  აგრეთვე,  ასეთ  საქონელსა  და  მომსახურებაზე  სპეციალური მითითებების გაკეთება. ცვლილების ეს მუხლი 2016 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდება.

 

სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება მისი სახელის, სასაქონლე ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნის საშუალებით, პროგრამის დასაწყისში, მიმდინარეობისას ან/და დასასრულს. კანონის ცვლილების მიხედვით, სპონსორის მითითება უნდა იყოს მოკლე და არ უნდა აღემატებოდეს საათში 5%–ს (მოქმედებს 2016 წლის 15 იანვრამდე), ხოლო დასპონსორებული პროგრამის ანონსი სპონსორის მითითება დაუშვებელია.

 

კანონპროექტი ავალდებულებს მაუწყებლებს, რომ რეკლამაში პროდუქტის განთავსებამ გავლენა მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე. მაუწყებლებს ეკრძალებათ თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის, აგრეთვე იმ საწარმოთა მომსახურების პროგრამაში   განთავსება,   რომელთა   ძირითადი   საქმიანობაც   თამბაქოს      წარმოება   და გაყიდვაა. აკრძალვებს შორის შედის რეცეპტით გაცემადი მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების პროგრამაში განთავსება და იმ პროდუქციის  პროგრამაში  განთავსება,  რომლის  რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ტელევიზორი
ტელევიზორი

მასალების გადაბეჭდვის წესი