ახალი ამბები

პოლიციამ აჩვენა უმაღლესი თმენის ვალდებულება – კახა კალაძე

21 ივნისი, 2019 • 3830
პოლიციამ აჩვენა უმაღლესი თმენის ვალდებულება – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის შეფასებით, 20 ივნისის მოვლენებისას ძალის გამოყენება უკიდურესი აუცილებლობით იყო გამოწვეული, ხოლო პოლიციამ მაღალი სტანდარტი და თმენის ვალდებულება აჩვენა.

“არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც ხორციელდებოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემქურებოდა კონსტიტუციურ წესრიგს. პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური. ძალიან სამწუხაროა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცველები”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

“რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ადგილი ჰქონდა ძალის გადამატებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციისთვის”, – დასძინა კალაძემ.


ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი