ახალი ამბები

თვითმხილველების თქმით, აქციის დროს ქაშუეთის ეკლესია დაკეტეს, საპატრიარქო ამას უარყოფს

21 ივნისი, 2019 • 2254
თვითმხილველების თქმით, აქციის დროს ქაშუეთის ეკლესია დაკეტეს, საპატრიარქო ამას უარყოფს

სოციალურ ქსელში რამდენიმე თვითმხილველი წერს, რომ აქციის დროს ქაშუეთის ეკლესია, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ მდებარეობს, დემონსტრანტებისთვის ჩაკეტეს. ინფორმაციას საპატრიარქოში არ ადასტურებენ. მათი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში მოძღვრები ხალხს დახმარებას უწევდნენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მღვდლებმა დაზარალებული დემონსტრანტები ეზოში არ შეუშვეს.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ თავდაპირველად, როგორც ყველა ტაძარი საღამოობით, ქაშუეთიც დაიკეტა. თუმცა, შემდგომ საჭიროების დადგომისას, ეკლესიაში სასულიერო პირები მივიდნენ და კარი გააღეს.

“მთელი ღამე ქაშუეთის ქვედა ტაძარი იყო ღია და მოძღვრები განუწყვეტლივ უწევდნენ დახმარებას მოსახლეობას,“ – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

იმის დასტურად, რომ სასულიერო პირები აქციის დემონსტრანტებს ეხმარებოდნენ, ჯაღმაიძემ რამდენიმე ფოტო გადმოგვიგზავნა:

სასულიერო პირი აქციაზე. ფოტო: ავტორი უცნობია. წყარო: ანდრია ჯაღმაიძე

სასულიერო პირი აქციაზე. ფოტო: ავტორი უცნობია. წყარო: ანდრია ჯაღმაიძე


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

ყველაფერი დაიწყო საპროტესტო აქციით, სადაც მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული სისტემით. აღნიშნულ აქციას წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტი საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი