ახალი ამბები

საპატრიარქო ხელისუფლებას თავშეკავებისკენ, მოსახლეობას კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს

21 ივნისი, 2019 • 866
საპატრიარქო ხელისუფლებას თავშეკავებისკენ, მოსახლეობას კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარო ეხმიანება პარლამენტის წინ დემონსტრანტების დარბევას, ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ხალხს კი კეთილგონიერებისკენ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ დღის განმავლობაში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა „საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა“. მათი შეფასებით, „სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა“.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს“, — წერს საპატრიარქო.

გავრცელებული განცხადების თანახმად, „აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა“.

„მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე“, — წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი