ახალი ამბები

“რუსეთის დუმის დეპუტატები საპატრიარქოს კურთხევით იმყოფებიან აქ” – გირჩის აქცია საპატრიარქოსთან

20 ივნისი, 2019 • 1482
“რუსეთის დუმის დეპუტატები საპატრიარქოს კურთხევით იმყოფებიან აქ” – გირჩის აქცია საპატრიარქოსთან

პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩმა” დღეს საპროტესტო აქცია გამართა თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან. “გირჩი” მიიჩნევს, რომ რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ–ერთი ინიციატორი სწორედ საპატრიარქოა.

“დღეს მთელი აქცენტები გადავიდა უშუალოდ ღონისძიების მონაწილე ადამიანებზე – პარლამენტარებზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომლის გადადგომასაც ვითხოვთ და რაღაც ყველას დაგვავიწყდა ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი აქტორები, რომელიც არის საპატრიარქო და ეს ადამიანები სწორედ მათი ლოცვა-კურთხევით იმყოფებიან აქ. ეს ამათი [საპატრიარქოს] პასუხისმგებლობაც არ არის და გვინდა, სიმბოლურად დავუსვათ კითხვები, მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ჩვენი მტერი სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი სპიკერის ჩამოსვლაზე ლოცვა–კურთხევა გასცეს, ნუთუ ერთმორწმუნეობა არის ინდულგენცია და შეიძლება ჩვენს მტრებს რაღაცები ვაპატიოთ. ჩვენ კი ვიცით ამაზე პასუხები, მაგრამ გვინდა, საპატრიარქომ გააჟღეროს ეს პასუხები, დაგველაპარაკონ. სულ ხომ იმალებიან და იმ დროს აკეთებენ განცხადებებს, როცა სჭირდებათ? რეალურ ხალხთან კონტაქტი არ აქვთ “, – უთხრა ნეტგაზეტს “გირჩის” წევრმა ჰერმან სზაბომ.

საპატრიარქოსთან აქციის გამართვის მერე “გირჩი” პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით გაემართება და საპროტესტო აქციას შეუერთდება.


თბილისში 19 ივნისს გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ღონისძიების მეორე  დღე გახსნა ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი