ახალი ამბები

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ — კალაძე

20 ივნისი, 2019 • 1309
რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ — კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველი გუნდის სახელით აცხადებს, რომ რუსული დელეგაცია საქართველოს დატოვებს. მისივე თქმით, პარლამენტში ფორუმის ჩატარება სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით იყო „აღმაშფოთებელი შეცდომა“, რის გამოც ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა და განმატებების გაკეთება მოუწევთ.

„ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება“, — განაცხადა კალაძემ და თქვა, რომ დელეგაცია საქართველოს დატოვებს.

კალაძის თანახმად, „დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მითუმეტეს ამ ფორმით და მითუმეტეს რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

„დღეს, საზოგადოებაში და ჩვენს გუნდში არის სრული კონსესუსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ“, — თქვა მან.

კალაძემ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უწოდა „აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდის დარტყმის ქვეშ დააყენა“.

„ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი