ახალი ამბები

კობახიძის თქმით, რუსი დეპუტატის სპიკერის სკამზე ჯდომა, მძიმე სანახავი იყო

20 ივნისი, 2019 • 1174
კობახიძის თქმით, რუსი დეპუტატის სპიკერის სკამზე ჯდომა, მძიმე სანახავი იყო

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მძიმე სანახავი იყო, როცა პარლამენტში მის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი ნახა. კობახიძის მტკიცებითვე, როგორც კი ეს ნახა, მაშივნე სესიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

“ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი“.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ რუსეთთან ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს და რაც პარლამენტში მოხდა, მისთვის მიუღებელია.

“სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე.  იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და რაზეც ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“,-განაცხადა კობახიძე.

 მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია დღეს, 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი