ახალი ამბები

წვიმის გამო ვაშლიჯვარში კედელი ჩამოინგრა და სახლი დააზიანა [ფოტო]

19 ივნისი, 2019 • 992
წვიმის გამო ვაშლიჯვარში კედელი ჩამოინგრა და სახლი დააზიანა [ფოტო]

ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის 5 ნომერში ძლიერი წვიმის გამო სახლზე მომიჯნავე კედელი ჩამოინგრა. როგორც სახლის მეპატრონემ ქეთი გოგიჩაიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, სახლი იმდენად დაზიანდა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ, იძულებულები არიან დროებით სხვაგან გადავიდნენ.

მისივე თქმით, საბურთალოს რაიონის გამგეობაში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და სახლის შეკეთების დაპირება მიიღეს.

“ჩვენს მოსაზღვრედ, შემაღლებულ ადგილზე ახლადაშენებული კორპუსია, ქვემოთ ჩვენს სახლთან ნაშალი მიწაა. მიწასა და კორპუსს შორის კედელია აშენებული და სწორედ ეს კედელი ჩამოინგრა.  კედლის ჩამოშლამ ლოჯი და სახლის ფასადი დააზანა. ჩაიმტვრა ფანჯრები… საყრდენი კედელი გადმოწეულია და მისი დანგრევის საშიშროება არსებობს. გამგეობიდან იყვნენ: სხვაგან გადადით და თანხას ჩვენ გადაგიხდითო… ბავშვები სოფელში გავუშვით. მე და ჩემი მეუღლე გადავალთ ალბათ,”-ამბობს ქეთი გოგიჩაიშვილი.

გუშინ, 18 ივნისს თბილისში წვიმდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  მთელი ღამის განმავლობაში მათთან 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. უწყების ცნობითვე, ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონებში დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი