ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა რის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, დღეს, 18 ივნისს სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.

უწყების ცნობით, დაშავებულია 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე, სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია,”-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 -ე მუხლით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.