ახალი ამბები

დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს — საპატრიარქო „პრაიდზე“

17 ივნისი, 2019 • 1258
დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს — საპატრიარქო „პრაიდზე“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ მათი აზრით, „თბილისი პრაიდის“ „ორგანიზატორები და ხელშემწყობნი იმ ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს, რომელნიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ეწინააღმდეგებიან“.

17 ივნისს გამოქვეყნებულ წერილში საპატრიარქო ქვიარ ადამიანებს უწოდებს „მცირე ჯგუფს“ და წერს, რომ „ნათელია, არაერთ ძალას“ სურს მათი გამოყენება „გარკვეული მიზნებისათვის“. ამ მიზნებში, საპატრიარქოს თანახმად, „პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც“.

„როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის“, — წერია განცხადებაში.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ემიჯნება „ყოველგვარ ძალადობას, ძალადობისაკენ მოწოდებას და სიძულვილის ენას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს“.

განცხადების ბოლოში წერია, რომ „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არაერთხელ განუცხადებია თავისი მხარდაჭერა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან მიმართებაში, რადგან ვიცით, რომ ერთიანი ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა არ ნიშნავს ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, თვითმყოფადობაზე… უარის თქმას. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ნუ დაუკარგავენ ამ განწყობას საქართველოს მოსახლეობას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი