ახალი ამბები

მილიონი ხელმოწერა შეგროვდა ირანელი უფლებადამცველის ციხიდან გასათავისუფლებლად – Amnesty

16 ივნისი, 2019 • 1265
მილიონი ხელმოწერა შეგროვდა ირანელი უფლებადამცველის ციხიდან გასათავისუფლებლად – Amnesty

პეტიციას, რომლითაც “ამნესთი ინთერნეიშენალი” ირანელი უფლებადამცველის, ნასრინ სოთუდეს ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ თავად ორგანიზაცია იუწყება და აცხადებს, რომ მოთხოვნის ხელმომწერებს შორის მსოფლიოს 200 ქვეყნისა და ტერიტორიის მაცხოვრებლები არიან.

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ხელმოწერები სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ირანის საელჩოებს გაეგზავნათ. აღნიშნული აქტივობა კამპანიის ნაწილია, რომელიც “ამნესთი ინთერნეიშენალმა” ნასრინ სოთუდეს დაკავებიდან 1 წლის თავზე წამოიწყო.

“საშინელმა განაჩენმა, რომელიც ნასრინ სოთუდემ ქალთა უფლებების დაცვისა და ირანის დისკრიმინაციული, დეგრადირებული, იძულებითი ჰიჯაბის კანონისადმი წინააღმდეგობის გამო მიიღო, შოკური ტალღები ააგორა მსოფლიოს გარშემო. მისი საქმის უსამართლობა შეეხო ასობით ათასი ადამიანის გულს, რომელთაც, სოლიდარობის ნიშნად, ხმა აიმაღლეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს”, – აცხადებს ფილიპ ლუთერი, ორგანიზაციის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ის იმედოვნებს, რომ კამპანია უჩვენებს ნასრინ სოთუდეს: განსაცდელის მიუხედავად, ის მარტო არ არის.

“დღეს ჩვენ მათ [ირანის ხელისუფლებას] ნათელ მესიჯს ვუგზავნით: მსოფლიო გიყურებთ და ჩვენი კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ ნასრინი არ გათავისუფლდება”, – აღნიშნა ლუთერმა.

ნასრინ სოთუდეს განაჩენი უფლებადამცველის ოჯახმა მარტში, მისი გამოტანიდან მალევე გაასაჯაროვა. უფლებადამცველის ქმარმა მეუღლესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ სოთუდეს 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს. “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, ირანის კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამ განაჩენის პირობებში, უფლებადამცველს უშუალოდ ციხეში 17 წლის გატარება მოუწევს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა ირანის სახელმწიფო მედია, რომელიც თეირანის რევოლუციურ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სოთუდეს სასჯელის ზომად 7 წელი განესაზღვრა, აქედან ხუთი წელი – ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის და ორი წელი – ირანის სულიერი ლიდერის შეურაცხყოფისთვის.

ნასრინ სოთუდე, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი, სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში. ის ივნისში დააკავეს და ადვოკატის ცნობით, ბრალად დასდეს აგენტობა, პროპაგანდის გავრცელება და ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის შეურაცხყოფა.

ირანელ უფლებადამცველს 38 წლით პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯეს – აცხადებს ოჯახი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი