პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც საპატრიაქროს წინააღმდეგობას ვერ უწევს – კორძაია

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ის დაპირისპირება, რაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ვერ ბედავენ ხმა ამოიღონ.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ყველა პოლიციელი თავის ფუნქციას ასრულებს, იმდენად მძიმე ვითარებაა… ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს საპატრიაქროსა და პატრიარქს.

მათი ვალდებულებაა, რომ სასულიერო პირებს თავიანთი ადგილი მიუჩინონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც კონსტიტუციით ნაკისრი აქვთ. სამწუხაროა, რაც დღეს ხდება, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები ვერ ბედავენ ხმის ამოღებას. ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ბედავენ ხმის ამოღებას“,- ამბობს ნეტგაზეთთან თამარ კორძაია.

კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანზატორების აქცია იყო დაგეგმილი დღეს, 19.00 საათზე, თუმცა მანამდე იქ პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, პერიოდულად კი სიტუაცია იძაბება.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამავე აქციაზე თავს დაესხნენ ნეტგაზეთის ჟურნალისტსაც, რომელსაც უცნობმა პირმა ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან