ახალი ამბები

გეი-პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ წაიყვანა

14 ივნისი, 2019 • 1847
გეი-პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ წაიყვანა

პოლიციამ თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა აქციის გასამართად, წაიყვანა.

თაბაგარის თანამოაზრეების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ წაიყვანა პოლიციამ აქტივისტი. ნეტგაზეთი შსს-სგან კომენტარის მიღებას ცდილობს.

ადგილზე კონტრაქციას მართავენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე, მრევლი. მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ამბობს, რომ პრაიდი ვერ ჩატარდება.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტები ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან შეკრების თავისუფლებაზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ. დღეს განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, პრაიდის ჩატარების უფლება არ მისცეს მის ორგანიზატორებს. აქტივისტები ითხოვენ, რომ მთავრობა საპატრიარქოს ამ განცხადებას გაემიჯნოს.

განახლება 19:17 – გიორგი თაბაგარი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაბრუნდა. აქტივისტი ამბობს, რომ ის დაკავებული არ ყოფილა და, როგორც პოლიციაში უთხრეს, უსაფრთხოების გამო გაიყვანეს ტერიტორიიდან. სტატიაში თავდაპირველად ეწერა, რომ თაბაგარი დააკავეს.

ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი