უახლოეს მომავალში სამშენებლო სექტორისთვის საბანკო რეგულაციები შეიცვლება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სამშენებლო სექტორისთვის ე.წ საბანკო რეგულაციები უახლოეს მომავალში გადაიხედება. კალაძის თქმითვე, სესხის გაცემის გართულებამ ამ სექტორში პრობლემები შექმნა.

“დარწმუნებული ვარ, უახლოს მომავალში [საბანკო რეგულაციები] სამშენებლო სექტორისთვის შეიცვლება.  ცვლილებები, რომელიც განხორციელდა, აშკარაა და  სტატისტიკამაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით პრობლემაა. რეგულაციები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას.  მხედველობაში მყავს სამშენებლო სექტორი, შეაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ მოგვიწევს”,-აცხადებს კალაძე.

2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ე.წ საბანკო რეგულაციები, რითაც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესი გამკაცრდა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა. ცენტრალურმა ბანკმა რეგულაციები მომხმარებელთა ინტერესების დაცვითა და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზეზებით ახსნა. ცვლილებით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული გახდა, მომხმარებელს შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები მოსთხოვოს.

ამასთან, დადგინდა, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასთან მიმართებით. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სახის სესხზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე გაიცემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.