ტრამპი: პრაიდის თვეს ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების წვლილს ქვეყნის წინაშე

აშშ-ის საელჩო საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ლგბტ პრაიდის თვეს შეეხება.

ტრამპი საზოგადოებას მოუწოდებს, გვერდით დაუდგეს ლგბტ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო იდევნებიან რიგ ქვეყნებში.

“ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, ვინც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო”, – აცხადებს ის და ასევე დასძენს:

“ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!”

პრეზიდენტის ეს კომენტარი, რომელიც აშშ-ს საელჩომ დღეს, 13 ივნისს გაავრცელა, დონალდ ტრამპმა 31 მაისს, “ტვიტერზე” განათავსა.

ამ ფონზე, ივნისის პირველ კვირაში ამერიკული და საერთაშორისო მედია წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ აშშ-ის საელჩოებს დროშის სადგამებზე ლგბტ პრაიდის დროშების ჩამოკიდებაზე უარი უთხრა. ინფორმაცია ტელეარხ NBC News-ს აშშ-ის არაერთი დიპლომატიური უწყებიდან, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ბრაზილიასა და ლატვიაში მდებარე საელჩოებიდან მიაწოდეს. ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ მათ დროშის განთავსების ნებართვა მიიღეს მხოლოდ საელჩოს გარე კედლებზე ან შენობის შიგნით.

მოგვიანებით გადაწყვეტილება ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა გაამართლა და თქვა, რომ სადგამებზე მხოლოდ ერთი – აშშ-ის დროშა უნდა ფრიალებდეს. კითხვაზე,  მოდის თუ არა შესაბამისობაში ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ პრაიდის თვისადმი გახმიანებულ დადებით განცხადებებთან, პენსმა უპასუხა, რომ ადმინისტრაცია “ამაყია, ემსახუროს ყოველ ამერიკელს”.

მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის უარისა, ზოგიერთმა საელჩომ სადგამებზე ფერადი დროშა მაინც ააფრიალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან