ახალი ამბები

ვაკის გამგეობის პარკში მოქალაქეები შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

13 ივნისი, 2019 • 2671
ვაკის გამგეობის პარკში მოქალაქეები შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

გადავარჩინოთ ვაკის გამგეობის სკვერი – ასე ჰქვია ფეისბუკ-გვერდს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები ვაკის გამგეობის პარკში შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ.

გვერდზე ვკითხულობთ, რომ სკვერში, რომლის გადასარჩენადაც მოსახლეობა 3 წლის განმავლობაში იბრძოდა, კიდევ ერთ მშენებლობას აპირებს “ლიდერ-ბეთ სლოტი“.

მერიაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამჟამად პროექტი განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ვაკის პარკის გამგეობის სკვერში, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქმიან-საზოგადოებრივი სტატუსი აქვს, ორი მრავალსართულიანი (წითელი) კორპუსი უკვე დგას, სწორედ ამ კორპუსის წინ მდებარე სკვერზე სურს  საოფისე შენობის მშენებლობა “ლიდერ-ბეთ სლოტს”.  პროექტის მიხედვით, მიწის დონის ზემოთ 4 და მიწის ქვემოთ 1 სართული უნდა აშენდეს. საოფისე ფართი, ჯამში, 2478.55 კმ.მ უნდა იყოს.

ამავე პროექტის თანახმად, პროექტის მაქსიმალური სიმაღლე  15 მეტრია, თუმცა ამ 15 მეტრში არ შედის ტექნიკური სართული ლიფტის შახტის ძრავებისთვის, რომლის სიმაღლეც შეადგენს 2,29 მ-ს, მიწისქვეშა სართულზე -3,00 ნიშნულზე ავტოფარეხი 13 ავტომანქანისთვის და დამხმარე ფართი.

რაც შეეხება მოსახლეობის პროტესტს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებით მოქალაქეები მერიის წარმომადგენელებთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ. შეხვედრის დროს კი, მათი თქმით, ისინი კიდევ ერთხელ დაასაბუთებენ, თუ რატომ არ უნდა აშენდეს სკვერში კიდევ ერთი შენობა.

“ეს სივრცე ამ და საბურთალოს სხვა უბნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი დასვენებისა და გაჯანსაღების ადგილია. მისი გამწვანება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში განხორციელდა და მოსახლეობისათვის საყვარელ სივრცედ იქცა. დამოუკიდებლობის შემდეგ ამ ტერიტორიის ირგვლივ ნელ ნელა გასხვისდა ნაკვეთები და მწვანე სივრცეს სულ უფრო მცირე ტერიტორია რჩებოდა.

ახლა კი, დარჩენილ სკვერის წინ მასიური შენობის ჩადგმით საბოლოოდ განაგდურდება ამ მწვანე სივრცის სარეკრეაციო ფუნქცია; შეუძლებელი გახდება ბავშვებისა და უფროსებისათვის ამ სივრცეში კომფორტული და მშვიდი გადაადგილება, გაიზრდება მანქანების გამონაბოლქვი და ხმაური. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ დაგეგმილი მშენებლობა მთლიანად დაუბნელებს მზის სინათლეს მის უკან მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს“, – წერია განცხადებაში.

პროექტზე მერიას გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი