ახალი ამბები

პანო “კოლხეთი“, რომელიც ქუთაისშია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს

13 ივნისი, 2019 • 3452
პანო “კოლხეთი“, რომელიც ქუთაისშია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს

კერამიკულ პანო “კოლხეთს“, რომელიც ქუთაისშია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პანოს ავტორის, ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის შვილმა, ქეთი ნებიერიძემ უთხრა.

ქეთი ნებიერიძე ამბობს, რომ განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ერთი წლის წინ შეიტანეს, დადებითი პასუხი კი ორი დღის წინ მიიღეს.

ნებიერიძე გვიყვება, რომ მანამდე პანოს დანგრევა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი იყო, რომ ის პირვანდელი სახით შენარჩუნებულიყო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“ 1995 წლიდან დგას ქუთაისის ცენტრში და ცნობილია როგორც „ფრანციას პანო“. პანო „კოლხეთი“ ცნობილი მხატვრის, ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987)ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია, რომელიც 1980-1985 წლებში მხატვრის სახელოსნოში იქმნებოდა.

ავტორის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრების ძალისხმევით, პანო ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი სახლის კედელზე განთავსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი