ისრაელის სადეპორტო ცენტრში საქართველოს 24 მოქალაქე იმყოფება – საგარეო

საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში, სადეპორტო ცენტრში, იმყოფება საქართველოს 24 მოქალაქე, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის უფლება არ აქვთ.

უწყების ინფორმაციით, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი დეპორტაციის შესახებ ინფორმირებულნი არიან. საგარეოში ამბობენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ისრაელში ქართველების მასობრივი დაკავება ხდება – არასწორია.

“ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია. ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია. მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში. მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და, შესაბამისად, დაექვემდებარებიან დეპორტაციას.

ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. 12-ისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასობრივი დაკავებები არ მიმდინარეობს,“- წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან