ახალი ამბები

მოკვლით მუქარა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – ბრალდებული გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს

12 ივნისი, 2019 • 1896
მოკვლით მუქარა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით – ბრალდებული გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს

შსს-მ ბრალი წაუყენა პირს, რომელსაც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა ედება ბრალად. შემთხვევა აჭარაში მოხდა. დაზარალებულის ადვოკატის ცნობით, ბრალდებული დაკავებული არ არის.

ბრალის წარდგენის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს, 12 ივნისს გაავრცელა. მასში ვკითხულობთ:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, [დაკავებული] სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო [მოქალაქის] მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებასთან”, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სისხლის სამართლის კოდექსით, აღნიშნული დანაშაული შეიძლება დაისაჯოს ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

საქმე, რომელზეც შსს საუბრობს, მოქალაქე ივა ყურშუბაძეს ეხება. ის “ბათუმელებს” 22 მაისს უცხადებდა, რომ სოფელ ჩაისუბანში მარტოდ მცხოვრებ მის ბებიას შვილიშვილის ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. მისი განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 17 მაისს სოფელში „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „ჰეშთეგი“ ნახეს, სადაც ივა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაზე და თანასწორობაზე საუბრობდა.

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ. ამოათრიე აქ და ლინჩის წესით გავასამართლებთო…“ – აცხადებდა ის.

დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. ადვოკატ პაატა დიასამიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროკურორი ბრალდებულისათვის გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

მისივე განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების სახე, ვინაიდან საქმე ეხება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარას.

მთავარი ფოტოზე: ივა ყურშუბაძე, დაზარალებული

„ბებიას უთხრეს, რომ გეი ვარ და მომკლავენ“

მასალების გადაბეჭდვის წესი