ახალი ამბები

ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება? – ექსპერტების მოსაზრებები

11 ივნისი, 2019 • 2106
ემუქრება თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება? – ექსპერტების მოსაზრებები

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ერთ-ერთი საფუძველია. “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი” აქვეყნებს გერმანიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებმაც მიმოიხილეს საქართველოს მიმართ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი. კერძოდ, ექსპერტებმა უპასუხეს ორ კითხვას:

  1. იქმნება თუ არა საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენებით „საგანგებო სიტუაცია“?
  2. რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მიმართ?

ალექსანდრა სტიგლმაიერი – დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია “ევროპის სტაბილურობის ინიციატივის” უფროსი ანალიტიკოსი და გენერალური მდივანი; 2008 წლიდან ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მუშაობს:

ორი მთავარი მიზეზის გამო არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს შეაჩერებს. პირველი არის ის, რომ ამას მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე. მეორე – წევრმა სახელმწიფოებმა იციან, რომ მათ თვითონ ხელეწიფებათ უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის შემცირება.  საფრანგეთს, სადაც 2018 წელს 19 300 განმცხადებლიდან 7000-მა მოითხოვა თავშესაფარი, ტექნიკურად შეუძლია კომპლექსური შეჩერების პროცედურის წამოწყება. თუმცა შეჩერების მექანიზმამდე მისვლა არც ისეთი მარტივია. ეს მოითხოვს ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის თანხმობას, მას შემდეგ, რაც დადგინდება სხვადასხვა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა დაზარალებული ქვეყნების რაოდენობა, რაც საქართველოს შემთხვევაში არც ისე დიდია, და ევროკავშირში მიგრაციის მდგომარეობაზე ზოგადი გავლენის დონე.

რიკარდ იოზვიაკი – ჟურნალისტი, რადიო “თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება”:

არ ვფიქრობ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტატუსის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშეა, თუმცა, ამავდროულად, დარწმუნებით ვერ ვამბობ ამას, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წესებზე და რეგულაციებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია პოლიტიკის გათვალისწინებაც. ევროკავშირში ახლა დახურული საზღვრების, კონსოლიდაციისა და თვითგამორკვევის ეტაპი დგას. ასე იქნება უახლოეს მომავალშიც. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები ჯერჯერობით არ წარმოადგენენ გაზრდილ საფრთხეს წევრი ქვეყნების უსაფრთოებისთვის, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის ასევე არ არსებობს სხვა საფუძველი, როგორებიცაა მნიშვნელოვანი ზრდა სავიზო ვადის დარღვევის, გაზრდილი უარის მაჩვენებელი შენგენის ზონაში შემსვლელი პირებისათვის და თავშესაფრის განაცხადის. თუმცა, რადგან აღქმა იმისა, თუ რა წარმოადგენს “გაზრდილ რისკს წევრი სახელმწიფოებისათვის”, უფრო მეტად პირობითია, არსებობს შანსი, რომ წევრმა სახელწმიფოებმა ამ საფუძველზე გამოიყენონ შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

იელგერ გრიენეველდი –  ჰოლანდიის ლიბერალური პარტია D66-ის საბჭოს წევრი, საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება:

უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენება ჯერჯერობით არ წარმოადგენს „საგანგებო მდგომარეობას“ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, როგორც ეს შეჩერების მექანიზმის პირობებითაა განსაზღვრული. ამ ეტაპზე შენგენის ზონაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი პირდაპირი საფრთხის წინაშე არ დგას, რაც ძირითადად რეადმისიის/დაბრუნების მაღალი მაჩვენებლითა და დანაშაულთან ბრძოლის ღონისძიებებში თანამშრომლობით არის გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ უნდა განაგრძოს იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა, განაგრძოს ევროპული მხარის რეკომენდაციების შესრულება, კარგად მოუსმინოს და ყურადღება მიაქციოს ევროპულ დედაქალაქებში წამოჭრილ პრობლემურ საკითხებს, განაგრძოს დანაშაულთან ბრძოლისა და მოქალაქეების რეადმისიის/დაბრუნების მიმართულებით მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

ვანო ჩხიკვაძე – ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პროგრამების მენეჯერი:

ამ ეტაპზე, გააჩნია როგორ განვმარტავთ “საგანგებო სიტუაციას”. თუ ვგულისხმობთ იმას, ვაკმაყოფილებთ თუ არა რომელიმე კრიტერიუმს, რომელიც არის გათვალისწინებული შეჩერების მექანიზმით, მაშინ ვაკმაყოფილებთ. თუ „საგანგებო სიტუაციას“ ვუწოდებთ იმას, რომელიმე ქვეყანამ დააყენა თუ არა საკითხი ევროკომისიის წინაშე შეჩერების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორც ნიდერლანდებმა ალბანეთთან მიმართებაში, მაშინ ასეთი რამ არ მომხდარა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საქართველოსთან მიმართებაში, გამიჭირდება რამის წინასწარმეტყველება. თუ საქართველო გააგრძელებს შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და თუ შეიქმნა პრეცედენტი, რომ რომელიმე სახელმწიფოსთან ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ საქართველო იყოს შემდეგი, იზრდება. თუ ალბანეთისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადებითად გადაწყდა, მე ვვარაუდობ, რომ რისკის იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ შემდეგი, არის ძალიან მაღალი.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტთა კომენტარი სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

ამავე თემაზე:

იანვარში გაორმაგდა საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა – რა ელის უვიზო რეჟიმს?

მასალების გადაბეჭდვის წესი