ახალი ამბები

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაია დაამტკიცა

11 ივნისი, 2019 • 2483
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ლონდა თოლორაია დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით 21-ის წინააღმდეგ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია.

რაც შეეხება მეორე კანდიდატს, ვალერი ლომუაშვილს, მას 7-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკონკურსო კომისიამ სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე წარსადგენად პრემიერ-მინისტრს ორი კანდიდატი – ლონდა თოლორაია და ვალერი ლომუაშვილი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ კონკურსი დარღვევებით ჩატარდა, რადგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მხოლოდ ერთი კანდიდატურა – ლონდა თოლორაია – აკმაყოფილებდა, თუმცა ხელახალი კონკურსის თავიდან არიდების მიზნით, კომისიამ მეორე ეტაპზე დაუშვა ფორმალური კანდიდატიც.

თოლორაიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა იმ მოტივით, რომ ის ზურაბ ადეიშვილის დროინდელი პროკურატურის კადრი იყო, დღეს კი შსს-ში მუშაობს და ვერ შეძლებს, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის ობიექტურად გამოძიებას.

ლონდა თოლორაია დღემდე შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციის შესრულებას ის 3 ივლისიდან შეუდგება და ამ პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი