ახალი ამბები

ჩეჩნეთის სასამართლომ ოიუბ ტიტიევის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

11 ივნისი, 2019 • 1140
ჩეჩნეთის სასამართლომ ოიუბ ტიტიევის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

ჩეჩნეთის ქალაქ შალის სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ვეტერანი აქტივისტის, ოიუბ ტიტიევის საჩივარი და გადაწყვიტა, 10 დღეში, პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლოს.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ტიტიევის დაკავებისთანავე აცხადებდნენ, რომ პატიმრობა და ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის პოზიციით, მართალია, მიესალმება გადაწყვეტილებას, გაათავისუფლონ ტიტიევი, თუმცა სამართალი ამ საქმეზე მაშინ აღდგება, როდესაც ტიტიევს ბრალდებებს მთლიანად მოუხსნიან და კომპენსაციას გადაუხდიან უკანონო დაკავებისათვის.

61 წლის ტიტიევს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2019 წლის მარტში მიუსაჯეს და სასჯელაღსრულების კოლონიაში განაწესეს. ტიტიევი და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ბრალდებას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინიტრო აცხადებდა, რომ ტიტიევის მანქანაში 180 გრამამდე კანაფი აღმოაჩინეს, თუმცა ტიტიევი უარყოფდა ბრალდებას და ამბობდა, რომ ხელისუფლება ყალბ ბრალდებას უყენებდა.

ორგანიზაცია „მემორიალის“ თანამშრომლები, რომლებიც ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ქალაქში საქმიანობენ, სხვადასხვა დროს მიუთითებდნენ ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზეწოლაზე, დაშინებასა და ძალადობაზე.

„მემორიალის“ თანახმად, ნარკოტიკების ჩადება ნაცადი ხერხია, რასაც ხელისუფლება ანტისახელისუფლებო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებს.

ჟურნალისტი ჟალაუდი გერიევი, გამოცემა kavkaz-uzel-ის კორესპონდენტი, 2016 წლის სექტემბერში ამავე — ნარკოტიკების ფლობის — ბრალდებით დააკავეს. ისიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. მოგვიანებით მემორიალმა გერიევს პოლიტიკური პატიმარი უწოდა.

კიდევ ერთი საჯარო ფიგურა ჩეჩნეთში, რუსლან კუტაევი 2014 წელს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის წლისთავზე მრგვალი მაგიდა მოაწყო. 1944 წელს ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად, ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ბრძანების საფუძველზე. გადასახლებისას უამრავი ადამიანი დაიღუპა, სხვებს კი უკიდურესად გაუსაძლის პირობებში უწევდათ გადარჩენა. ამ საკითხზე დებატები წლებია აკრძალულია რუსეთში, განსაკუთრებით კი, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში. კუტაევსაც, რომელიც ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ნარკოდანაშაულში სდებდნენ ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი