ახალი ამბები

“როდემდე უნდა ვუყუროთ ამას გულგრილად?” – რეჟისორ ზვიაგინცევის სოლიდარობა გოლუნოვს

10 ივნისი, 2019 • 1456
“როდემდე უნდა ვუყუროთ ამას გულგრილად?” – რეჟისორ ზვიაგინცევის სოლიდარობა გოლუნოვს

ცნობილი რუსი რეჟისორი და სცენარისტი ანდრეი ზვიაგინცევი მოსკოვში დაკავებულ გამომძიებელ ჟურნალისტს, ივან გოლუნოვს, სოლიდარობას უცხადებს. შესაბამისი ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

რეჟისორი ჟურნალისტისათვის წაყენებულ ბრალს ფარსს უწოდებს, ხელისუფლების ქმედებებს კი – “ამაზრზენ ზღვარგადასულობას”.

“მე უკვე მქონდა ერთხელ ვიდეომიმართვა, რომელსაც ადრესატი არ ჰყავდა. მახსოვს, ვამბობდი, არ ვიცი, ვის მივმართო-მეთქი. ეს იყო დაკავშირებული არჩევნებთან, როდესაც არჩევანი არ გვქონია.

ახლაც იდენტური სიტუაციაა. არ ვიცი, ვის მივმართო. მათ ნამდვილად არა, ვინც დრაკონთა ტომს მიეკუთვნება, სადაც არის უკანონობა… სრულიად ნათელია ყველა ადამიანისთვის, ვინც ამას თვალს ადევნებს, რომ ეს ფალსიფიცირებული საქმეა; რომ აქ არ არის რეალური ფაქტები. ნათელია, რომ ადამიანი, რომელიც ასე ბევრს მუშაობს, რომელიც საგამოძიებო საქმითაა დაკავებული, ორი ღმერთის მსახური ვერ იქნება.

რასაც მას აბრალებენ, სერიოზული საქმეა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს სიყალბეა, ფარსი, სიცრუე… როდემდე, გაუგებარია… როდის დანაყრდება ეს დრაკონთა ტომი ჩვენი სისხლით? როდემდე უნდა ვუყუროთ ამას გულგრილად?

ძვირფასო ივან, მე არ გიცნობთ პირადად, არც არასდროს შევხვედრივართ და არც ვმეგობრობთ, მაგრამ მხარს გიჭერთ, გაუძელით, არ ვიცი, კიდევ რისი თქმა შემიძლია… ყელში ამოვიდა ამის ყურება. ხელისუფლების ამაზრზენი ზღვარგადასულობის ყურება”, – აცხადებს ის.

ივან გოლუნოვის საქმე – მოკლედ

ივან გოლუნოვი, რომელიც “მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტია, მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

გოლუნოვს“დიდი ოდენობით” ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან, რასაც ის უარყოფს. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გოლუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ.

Meduza წერს, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. შემდეგ კი განყოფილებაში სცემეს.

ივან გოლუნოვი სასამართლო სხდომაზე.

დაკავებიდან რამდენიმე საათში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც, მათი თქმით, გოლუნოვის კუთვნილ ბინაში იყო გადაღებული. თუმცა უწყებამ შემდგომ აღიარა, რომ გამოქვეყნებული ფოტოებიდან გოლუნოვის ბინის ამსახველი მხოლოდ ერთი კადრი იყო, დანარჩენი კი , მათი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული “ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების“ დროსაა გადაღებული.

გოლუნოვის დაკავებიდან მალე ჟურნალისტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მოქალაქეები შსს-ს შენობებთან საპროტესტო პლაკატებით რიგრიგობით დგებოდნენ და გოლუნოვის გაათავისუფლებას ითხოვდნენ. პროტესტის პირველ დღეს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამგვარი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ გოლუნოვს არ გაათავისუფლებენ, 12 ივნისს კი მოსკოვში გოლუნოვის თავისუფლებისთვის საპროტესტო მარში გაიმართება.

ამჟამად გოლუნოვი შინაპატიმრობაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 8 ივნისს მიიღო. Meduza იუწყება, რომ სასამართლომ გოლუნოვს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალა.

სხდომამდე ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Meduza-ს თანახმად, გოლუნოვი პოლიციის ზედამხედველობის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. გამოცემისვე ცნობით, ექიმებმა ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და ნეკნების სავარაუდო მოტეხილობა დაუდგინეს.

რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღების ბრალდებას, პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჟურნალისტისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი