ახალი ამბები

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზრდა არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა გაიზარდა – თოლორაია

10 ივნისი, 2019 • 979
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ზრდა არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევა გაიზარდა – თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატის, ლონდა თოლორაიას შეფასებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტატისტიკის მატება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის შემთხვევები გაიზარდა.

თოლორაია სტატისტიკის ზრდას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას უკავშირებს.

“მხოლოდ ის, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობამ მოიმატა, ცალსახად და ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გაიზარდა პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის პრეცედენტები. გაზრდა დაკავშირებულია სასამართლო კონტროლთან და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული მიმართულებით ბრძოლის გააქტიურება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სტატისტიკური მონაცემების გაზრდა განაპირობა იმან, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფომ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგა”, – განაცხადა თოლორაიამ.

IDFI-ის ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით  ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს კი 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია სასამართლოში შესული შუამდგომლობების რიცხვი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმების ყველაზე ბევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში, 1 059 შემთხვევა).

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი