დაკავებულია “ბილდინგ დეველოპერის” დირექტორი: სუს-ი

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით შპს “ბილდინგ დეველოპერის” დირექტორი დააკავა.

უწყების ცნობით, სააგენტოში გამოძიება “სისხლის სამართლის საქმეზე დიდი ოდენობით თაღლითობისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე” 2018 წლის 14 დეკემბერს დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ბილდინგ დეველოპერს” საგარეჯოს რაიონში წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია ევალებოდა.

“შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 21921.86 ლარის ოდენობით”,  -აცხადებს უწყება.

გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან