ახალი ამბები

ერდოღანი ფეხბურთელ მესუთ ოზილის ქორწილში მოწმედ იმყოფებოდა

8 ივნისი, 2019 •
ერდოღანი ფეხბურთელ მესუთ ოზილის ქორწილში მოწმედ იმყოფებოდა

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მესუთ ოზილის ქორწილში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცოლთან ერთად მოწმედ იმყოფებოდა. ცერემონია სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში შედგა.

ფეხბურთელი ყოფილ “მის თურქეთზე”, ამინე გიულშეზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ, გასულ წელს კი დანიშვნის შესახებ განაცხადეს. მიმდინარე წლის მარტში თავად ოზილმა განაცხადა, რომ ქორწილში თურქეთის პრეზიდენტი მისი მოწმე იქნებოდა.

ბოლო დროს, ერდოღანი ხშირად ესწრება ცნობილი ადამიანების ქორწილებს, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში. ახლა მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პერიოდია – ახლოვდება სტამბოლის განმეორებითი არჩევნები, სადაც ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, მმართველი პარტიის მოთხოვნით, შედეგები გააუქმეს.

მესუთ ოზილის რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ურთიერთობამ  მის პროფესიულ საქმიანობაზე არანაკლები ყურადღება დაიმსახურა. გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტოების გამო ის არაერთგზის გააკრიტიკეს. კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრები მუნდიალს ნაადრევად გამოეთიშა.

აღნიშნულიდან მალევე, მან გერმანიის ეროვნული ნაკრები დატოვა და ამის მიზეზად “რასიზმი და უპატივცემულობა” დაასახელა, რომელსაც, მისი აზრით, თურქული ფეხვების გამო იღებდა. მისი თქმით, ამავე პერიოდში არაერთი სიძულვილისა თუ მუქარის წერილი მიიღო.

“მე გერმანელი ვარ, როცა ვიმარჯვებთ, თუმცა მიგრანტი ვარ, როცა ვმარცხდებით”, – აღნიშნავდა ის. ფეხბურთელს პრეზიდენტმა ერდოღანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანული Deuthce Welle-ს თანახმად, ქორწილის შემდეგ ფეხბურთელმა თანხა არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი