ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რა გვინდა ადამიანებს Google map-ის წყვეტილწერტილოვანი საზღვრის იქით და აქეთ?

7 ივნისი, 2019 • 7200
რა გვინდა ადამიანებს Google map-ის წყვეტილწერტილოვანი საზღვრის იქით და აქეთ?

სალომე მხეიძე, თბილისი


ეზოში ბევრჯერ შემირიგებია ნაჩხუბარი ბავშვები. ბავშვებში ადვილია, პირდაპირ შეუძლიათ გითხრან, რა ეწყინათ, ან თუ ვერ ამბობენ, წამოსცდებათ, მერე უბრალოდ უნდა ადგე და რამენაირად ისეთ შეთანხმებას მიაღწიო, ორივესთვის რომ ხელსაყრელია.

კონფლიქტს არაუშავს, თუ დესტრუქციული არაა. გამოთქმაც არსებობს, თუ არ გიჩხუბიათ, არცა გცნობიათ ერთმანეთიო. ხშირად წყენას და ჩხუბს გაურკვევლობა იწვევს, რაღაცის არასწორად გაგება, ან ერთმანეთის წინაშე ჩადენილი პირდაპირი დანაშაული.

რა განსხვავებაა ორ ადამიანსა და ორ საზოგადოებრივ ჯგუფს შორის კონფლიქტში? ვფიქრობ, არსობრივად არაფერი. თუ თითოეული ჯგუფი თანხმდება მოთხოვნებზე მოლაპარაკების დაწყებას, წესით, არაფერი უდგას წინ. თუ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ დაუხოცავთ, ან მესამე პირი განზრახ არ „ურევს“ სიტუაციას.

როგორ უნდა დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება? ვფიქრობ, ორი რამაა გასარკვევი. რა უნდათ კონფლიქტის მხარეებს და რა დათმობაზე არიან წამსვლელები. ჩვენ ჩვენი შეცდომები შევკრიბოთ, იმათ – თავიანთი. ჩვენ ჩვენი დაზარალებული მოსახლეობა აღვწეროთ, იმათ – თავიანთი. საბოლოოდ, შეცდომები უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, მაგრამ მანამდე ამაზე ღიად საუბარი უნდა დავიწყოთ.

რა შეიძლება მათ უნდოდეთ? ცალკე სახელმწიფო?

რა შეიძლება ჩვენ გვინდოდეს? ტერიტორიული მთლიანობა?

ეს არაა ის სურვილები, რაც ადამიანებს უჩნდებათ. ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ ჯანმრთელები, ბედნიერები და თავისუფლები. და შესაბამისად – მათ უნდათ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს მათ სურვილებს, სთავაზობს ჯანდაცვას, ღირსეულ ცხოვრებას და თავისუფლებას ნებისმიერ რამეში – იქნება სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა საზღვარგარეთ, მოგზაურობა თუ სიტყვის თავისუფლება.

მაინც მგონია, რომ ამ ამბავში აფხაზები უფრო იჩაგრებიან. 90-იანებიდან დღემდე საკმაოდ ვიწვნიეთ ყველამ, მაგრამ შედეგი მათთვის უარესი დადგა, მიუხედავად იმისა, რომ სახლები არ დაუტოვებიათ. ჩვენი ბეჭათლილი და ბარძაყჩამოთლილი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც მითიური ფასკუნჯის ფრთის ჩამოსმას და გამთელებას ელოდება, რაღაცას მაინც ახერხებს საკუთარი მოქალაქეებისთვის და იქით რა ხდება? ბავშვები, რომლებიც ვერ მოგზაურობენ, რომლებიც უარს იღებენ ოლიმპიადებზე და სხვა შეჯიბრებებში ქვეყნის სახელით მონაწილეობაზე, ეკონომიკა სავალალო, ინფრასტრუქტურა ისევ ისეთი, კრიმინალური სიტუაცია საშინელი. და ეს ბავშვები, ვინც მერე გაჩნდნენ, რას იგებენ ჩვენზე? რომ ჩვენ ვებრძოდით, დავხოცეთ, ახლა კიდე ხელს ვუშლით ცხოვრებაში, არ ვაღიარებთ მათ დროშას, ქვეყანას, ჰიმნს და არაფერს, რასთან იდენტიფიცირებასაც თვითონ ახდენენ. და ჰგონიათ, რომ ვებრძვით მათ. ბუნებრივია, მათ არ ვებრძვით, მაგრამ საბოლოოდ ხომ ასე გამოდის? მათი ახალგაზრდობა ჩავლილია და პრობლემები – მოუგვარებელი.

რა ხდება ჩვენკენ? უამრავი ადამიანი, რომელმაც საშინელი ცხოვრება გამოიარა და რის გამო? მომისმენია, რომ დევნილების შურდათ იმის გამო, რომ ბინა მიიღეს. 25 წლის შემდეგ. სერიოზულად? შეიძლება სერიოზულად გშურდეს ადამიანის, რომელსაც ნახევარი ოჯახი დაეხოცა, გზაზე დატოვა დაუმარხავი, გზაში ასჯერ გაძარცვეს, უკიდურეს სიღარიბეში, სოციალურ წნეხში და იარლიყებში გაიზარდა და როდის-როდის რაღაც მეასედი ნაწილი დაუკომპენსირეს ბინით, რომლის ფართობიც ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით დაუთვალეს? ანუ იმ წევრების, ვინც გადარჩა. 25 წლის შემდეგ. ან ვინც მერე გაჩნდა. რა მნიშვნელობა აქვს.

და რა,  ტერიტორიული მთლიანობა „ვჭამოთ“? ან დამოუკიდებელი აფხაზეთი?

იქნებ ჯერ შევთანხმდეთ, რომ ჩვენი უმთავრესი ღირებულება ადამიანია. მერე შევთანხმდეთ, რომ რუსეთი მტერია და მტერიც რომ არ იყოს, რა შუაშია რუსეთი ჩვენს ურთიერთობებში? მერე დავსხდეთ და დავფიქრდეთ, რა გვინდა ადამიანებს Google map-ის წყვეტილწერტილოვანი საზღვრის იქით და აქეთ?

ჰო. ავაღორძინოთ კონფლიქტისპირა სოფლები, რომ დაინახონ, რა კარგია აქ. რაღაც ხომ არ გვავიწყდება? რუსეთთან ინფორმაციული ომის გარეშე და აფხაზეთთან  დიალოგის გარეშე ეს საკუთარი კეთილდღეობის ფრიალი, როგორც ცალკე კონფლიქტის მოგვარების კომპონენტი – უსარგებლოა.

რაღაცები ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. მერე ვეცადოთ, რომ რუსეთი არ ჩავრიოთ. მერე, ვეცადოთ, რომ რუსეთის გარდა ყველა ჩავრიოთ – და აქ ჩართული უნდა იყოს ყველა – ჟურნალისტები, სპორტსმენები, ხელოვანები, ყველა, ვისაც უსმენენ საზღვარგარეთ. ვის პირთანაც მიკროფონი მიაქვთ, მშვიდობიანი აქციისას, კონფერენციისას თუ სიტყვით გამოსვლისას.

ხშირად მითქვამს, რომ მე არ ვარ პატრიოტი. ჩემთვის მიწისადმი ერთგულებაზე წინ ადამიანი დგას. იმიტომ, რომ მიწა არაფერია ადამიანის გარეშე, ადამიანითაც კი არაფერია, თუ ეს ადამიანი შიგაა ჩამარხული. მე მინდა, რომ ადამიანები იქით, და ადამიანები აქეთ – ცხოვრობდნენ ისე, როგორც იმსახურებენ, ჯანმრთელები, ბედნიერები, თავისუფლები და საკუთარ სახლებში, საკუთარი ზღვის წინ და არავინ აქეზებდეს მათ, რომ ერთმანეთის მტრები არიან. მინდა ჩვენ თვითონ შევძლოთ აზროვნება და იმის გაანალიზება, ვინ არის ჩვენი მტერი და მინდა ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდეთ იმიტომ, რომ ისეთი ცხადია, ისეთი ნათელი, გაარჩიო, ვინ დგას ავტომატით მავთულხლართებს მიღმა.

დროა რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ. საკმარისად დესტრუქციული იყო ეს კონფლიქტი. ყველა ვხედავთ, რომ მიწაში დათესილი ცხედრებიდან ბავშვები არ ამოდის.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი