ახალი ამბები

თურნავა არ პასუხობს კითხვას, რატომ შეარჩიეს პანკისი პოლიციის ძალების შესაყვანად

7 ივნისი, 2019 • 1136
თურნავა არ პასუხობს კითხვას, რატომ შეარჩიეს პანკისი პოლიციის ძალების შესაყვანად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ პასუხობს გიგა ბოკერიას კითხვას, რატომ გადაწყვიტა სამინისტრომ პანკისის ხეობაში, ხადორი 3-ის მშენებლობის ადგილზე, პოლიციის შეყვანა. მანამდე ბოკერია დაინტერესდა, საქართველოს სხვა რეგიონებში, პანკისის მსგავსად,  ადგილობრივი მოსახლეობა თუ ეწინააღმდეგება ჰესის მშენებოლობას. თურნავამ თქვა, რომ იგივე პრობლემა, მაგალითად, არის სვანეთში.

ამ პასუხიდან გამომდინარე, ბოკერია დაინტერესდა, რა პრინციპით შეირჩა პანკისის ხეობა პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალების შესაყვანად.

“პანკისის ხეობაში რაც მოხდა, მსგავსი პრობლემები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვაქვს. თქვენ რომ გვითხრათ, ასეთი რეგიონები რომლებია და ჰესების მშენებლობის საკითხი ყველაზე მწვავედ სად დგას?”-ჰკითხა თურნავას ბოკერიამ.

“არის სხვა შემთხვევებიც… ყოველთვის ვერიდები ამ შემთხვევების განზოგადებას, რადგან ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად [ინვესტორებისთვის], თუმცა არის ადგილები, სადაც ინვესტორისა და ადგილობრივი მოსახლის ინტერესები იმდენად დიდხანს ჯერდება, რომ ამ პროექტს პრობლემა ექმნება. ასეთი შემთხვევებია თუნდაც ლენტეხში ხელედულა ჰესზე, მაგალითად, სვანეთში ნენსკრაზე, მაგრამ თითოეულ ამ შემთხვევაში საკითხის გადაჭრის გზებს ვეძებთ”, – განაცხადა თურნავამ.

ამ პასუხის მიღების შემდეგ ბოკერიამ თურნავას ისევ ჰკითხა, რატომ მოხდა პანკისის ხეობის გამორჩევა:

“რატომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში სპეციფიკურად გამოყენებული უნდა ყოფილიყო საპოლიციო ძალები. გაქვთ ოთხი ვითარება, სადაც ადგილობრივი თემი უკანონოდ ხელს უშლის პროექტებს, რომელიც, თქვენი აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამ ოთხი შემთხვევიდან თქვენ ერთ-ერთს არჩევთ და აგზავნით პოლიციის ძალებს. რატომ?”

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში პრობლემა იყო და საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს.

“როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება [პანკისში პოლიციის ძალების შეყვანა], ბუნებრივია, ყველა ვიზიარებთ პასუხისმგებლობას… კომუნიკაციის ნაკლებობა დასახელდა სრულიად სამართლიანად და აქ ჩემი და სამინისტროს პასუხისმგებლობაც არის, რასაც არ გავურბივარ”, – ამბობს თურნავა.

ხადორი 3-ის მშენებლობა ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, პანკისის ხეობაში იგეგმება. 5.4- მეგავატიანი სიმძლავრის ჰესი წლიურად 27.5 მლნ კვტ.ს ენერგიას გამოიმუშავებს.


პოლიცია და ადგილობრივები 21 აპრილს პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავდნენ როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივებთან მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი