ახალი ამბები

იცნობთ თუ არა “რიჟას” და “რემენას”? – ბოკერიას კითხვა თურნავას

7 ივნისი, 2019 • 4162
იცნობთ თუ არა “რიჟას” და “რემენას”? – ბოკერიას კითხვა თურნავას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში დღეს, 7 ივნისს, ჰკითხა, იცოდა თუ არა, ვინ არიან “რიჟა” და “რემენა”. როგორც ბოკერია ირწმუნება, ეს ადამიანები ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” გაფიცულ თანამშრომლებთან “საქმეებს აგვარებდნენ”.

ამ კითხვას დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ ბოკერიას უთხრა, რომ ეკონომიკის მინისტრი დაკითხვაზე არ იყო. თავად თურნავამ ბოკერიას საპასუხოდ მხოლოდ ის თქვა, რომ არ იცის, ვინ არიან “რიჟა” და “რემენა” .

“თქვენ ხართ იმ გუნდის წევრი, რომელიც აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროს ებრძვის. ჭიათურაში ტელევიზიით ვხედავდით ქურდული სამყაროს წარმომადგენელს, როგორ გაჰყავდა გვერდზე იქ მყოფი ხალხი, ვინც პროტესტს აცხადებდა. თქვენ ეს პრობლემად მიგაჩნიათ თუ არა?!” – ჰკითხა ბოკერიამ მინიტრს.

ნათია თურნავამ “ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ამ კითხვას არ უპასუხა. კომპანია “ML ლოჯისტიკზე” ჰკითხა მინისტრს სერგი კაპანაძემ. კომიტეტის სხდომაზე კაპანაძე დაინტერესდა, თუ იცნობდა ნათია თურნავა ამ კომპანიის საქმიანობას.

“ეს კომპანია არის საშუამავლო ფირმა, რომელიც დაკავებულია შემდეგი საქმიანობით: როდესაც კერძო ოპერატორი კარიერული წესით იღებს მადანს და სანამ ამ მადანს მიიტანს GM-თან [ჯორჯიან მანგანეზთან] ანუ მთავარ კომპანიასთან, ამას აკეთებს მხოლოდ ერთი კომპანიის – “ML ლოჯისტიკის” –  გავლით. ახლა იკითხავთ, აქ პრობლემა სად არის? პრობლემა არის იმაში, რომ ეს კომპანია ამ მადანს იბარებს დაახლოებით 75 აშშ დოლარად და შემდეგ GM-ზე ყიდის დაახლოებით 200 დოლარად. ესეც შეიძლება პრობლემა არ იყოს, თუმცა სხვა საკითხია პრობლემური. ამ კომპანიის მენეჯმენტი [ML ლოჯისტიკი] არის ის ხალხი, ვინც “რიჟასთან” არიან აფილირებული, ვისზეც ბატონი გიგა [ბოკერია] გეკითხებოდათ. ბატონი ნებიერიძე, რომელიც ამ კომპანიას ხელმძღვანელობს, “ქართული ოცნების” ოფიციალური შემომწირველია. “60 ათასი ლარი აქვს ფორმალურად შეწირული, არაფორმალურზე არაფერს ვამბობ… ხომ არ გგონიათ, რომ გაფიცვის პრობლემა გამოიწვია იმან, რომ ასეთი ტიპის კორუფციული თუ კვაზი ლეგალური სქემა არსებობს, რომლითაც მთავრობა ამ კომპანიისგან ფულს პარსავს და ამასთანაც არის ის პრობლემები, რაც ჯორჯიან მანგანეზს აქვს”, – ამბობს სერგი კაპანაძე. ამის საპასუხოდ თურნავამ თქვა, რომ ეს სქემა აბსურდულია და მხოლოდ კაპანაძის ფანტაზიაში არსებობს.

“რიჟა” იგივე ბიზნესმენი გიორგი კაპანაძეა, რომელიც გიგი უგულავას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. რაც შეეხება რემენას”, ის კანონიერი ქურდია, მისი სრული სახელი და გვარი რომან ბარბაქაძეა.

27 მაისს ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანიასა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა და “ჯორჯიან მანგანეზმა” ხელფასების გაზრდის დაპირება გასცა, თუმცა არა იმ დოზით, რომელსაც გაფიცულები გასულ დღეებში ითხოვდნენ.

როგორც”ნეტგაზეთს” ჭიათურელი მაღაროელების პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა სამხარაძემ განუცხადა, კომპანიამ გაფიცულებს პირობა მისცა, რომ პირველი ივნისიდან მათი ხელფასები 25%-ით გაიზრდება, 1 წლის შემდეგ კი- 10%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი