ახალი ამბები

სახელმწიფო კენკროვანი კულტურების მოყვანას სრულად დააფინანსებს – გაიგეთ, როგორ

6 ივნისი, 2019 •
სახელმწიფო კენკროვანი კულტურების მოყვანას სრულად დააფინანსებს – გაიგეთ, როგორ

რა შემთხვევაში დააფინანსებს სახელმწიფო სრულად ლურჯი მოცვის, ჟოლოსა და მაყვლის ბაღების გაშენებას და რატომ გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის სამინიტრომ მრავალწლიანი კენკროვანი კულტურების დაფინანსება.

2018 წლის მაისში ცვლილება შევიდა პროგრამაში “დანერგე მომავალი”. ცვლილების შედეგად, ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.  საუბარია ლურჯ მოცვზე, მაყვალსა და ჟოლოზე. ცვლილების შემდეგ სახელმწიფო  ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით დააფინანსებს. ამასთან, თითოეული ბენეფიციარის შემთხვევაში, ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ბაღების მოცულობა უნდა იყოს 0.15 ჰექტრიდან 0.5 ჰექტრამდე და ამ ლიმიტს არ უნდა აჭარბებდეს. პროგრამა სრულად აფინანსებს როგორც ადგილობრვ ბაზარზე შეძენილ, ისე – იმპორტირებულ ნერგს.

მთავრობის დადგენილებით, რომლითაც პროგრამაში ცვლილება შევიდა, განისაზღვრა დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა:

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში, რომელიც პროგრამას “დანერგე მომავალი” ახორციელებს, აცხადებენ, რომ თითოეულ ჰექტარზე ნერგების განაწილება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის დადგენილი. მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ერთ ბენეფიციარზე დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 100%, თუმცა მისი ღირებულება 3 000 ლარის არ უნდა აჭარბებდეს. სააგენტოს ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ შეარჩია სახელმწიფომ  მრავაწლიანი კენკროვანი კულტურები – ლურჯი მოცვი, მაყვალი და ჟოლო – სააგენტოში ამის მიზეზად ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ასახელებენ.

“კენკროვანი კულტურები არის ის მიმართულება, რომელსაც მცირემიწიანი ფერმერებისთვის მოგების დიდი მარჟის დატოვება შეუძლია. ანუ ფერმერი პატარა ფართობზე იმდენ მოსავლს იღებს, რომ ის კომერციულად მომგებიანიც შეიძლება იყოს. ამასთან, ამ კულტურებზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ დიდია. ამიტომ, გადავწვიტეთ, ეს პროგრამა სრულად დაგვეფინანსებინა. თან ნიადაგიც გვაძლევს ამ კულტურების გაშენების საშუალებას”, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, 2015 წლიდან,  როცა სახელმწიფო პროგრამა “დანერგე მომავალი” ამოქმედდა, დღემდე ბაღების გაშენებაში 13 524 559 ლარი დაიხარჯა. 

  • ჟოლო – 224 ჰა, თანადაფინანსება 2 097 120 ლარი;
  • მაყვალი – 163 ჰა, თანადაფინანსება 1 265 805 ლარი;
  • ლურჯი მოცვი – 310 ჰა, თანადაფინანსება 4 397 552 ლარი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი დაფინანსების მისაღებად

როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ დროისთვის ორ მუნიციპალიტეტში 7 ჰექტარზეა კენკროვანი მრავალწლიანი კულტურების გაშენებაზე თანხმობა მიცემული, ამ შემთხვევაში ფერმერებს, სახელმწიფო ცვლილების შესაბამისად, სრულად დაუფინანსებს როგორც ნერგებს, ისე – სარწყავი სისტემის გამართვას.

მათივე ცნობით, თითოეული მუნიციპალიტეტიდან  ხუთ ჰექტარ მიწამდე მაინც უნდა იყოს იმისთვის, რომ “დანერგე მომავალის” ფარგლებში დაფინანსება მიიღოს. მაგალითად, თუ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფერმერს სურს მიიღოს ფინანსური დახმარება და მას მხოლოდ 0.5 ჰა ფართობის მიწა აქვს, მან უნდა მოძიებნოს სხვა პირი, რათა ბაღების გასაშენებლად საჭირო მიწა 3 ჰექტარამდე მაინც შეივსოს.

“3 ჰა არის ის გონივრული მიწის ფართობი, რომელზეც მოყვანილი მოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ ფერმერმა მოლაპარაკებები ექსპორტიორ კომპანიასთან აწარმოოს. ზოგადად, ამ კენკროვანი კულტურების გაშენების აგროვადებით განსაზღვრულია შემოდგომა და გაზაფხული, აქედან გამომდინარე, განაცხადების მიღებაც ამ პერიოდში ხდება”,-აცხადებენ სააგენტოში.

კენკროვნების ქვეკომპონენტის ბენეფიციარი გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სადაც იგეგმება კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენება) მიმდებარედ უნდა არსებობდეს ელექტროენერგიის წყარო, ასევე უნდა ხდებოდეს მისი უზრუნველყოფა წყლის წყაროთი (არაუმეტეს 500 მეტრის მანძილზე), როგორიცაა სარწყავი არხი, მდინარე, ტბა, ჭა და სხვა.

სააგენტოს ცნობით, ბენეფიციარს მიწა რეგისტრირებული ან იჯარით აღებული 2018 წლის მაისამდე უნდა ჰქონდეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დადგენილებაში ეს პირობა იმიტომ ჩადეს, რომ პროგრამით ადგილობრივ მოსახლეობას ესარგებლა და არა რომელიმე სხვა პირს, რომელიც დაფინანსების მისაღებად შეიძენდა მიწას. გამონაკლის შეეხებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.

“თუ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს მოიტანს სააგენტოში, რომ ეს მიწა მის სარგებლობაშია და ჯერ გაფორმებული არ აქვს, მაშინ დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთებას შეძლებენ”.

ბენეფიციართა შერჩევის კიდევ ერთი კომპონენტი ტესტირებაა. როდესაც ფერმერი სააგენტოში პროგრამისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს, ამის შემდეგ მას ჩაუტარდება სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ტრენინგი. კენკროვნების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას, რომელსაც აფასებს ცენტრი.

“როცა სახელმწიფო სრულად აფინანსებს ბაღის გაშენებას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ადამიანმა ზუსტად იცის, როდის უნდა მორწყვა, შეწამვლა და სხვა”.

პროგრამით განისაზღვრა ის რეგიონები, სადაც კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვლი; ჟოლო და მაყვლის) ბაღები უნდა გაშენდეს:

  • იმერეთში – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;
  • გურიაში – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;
  • რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;
  • მცხეთა-მთიანეთში – მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

ფერმერები, რომლებმაც პროექტით დაფინანსება მიიღეს

ფერმერმა თეა ქუთათელაძემ თავის ორ პარტნიორთან ერთად 2017 წელს “დანერგე მომავლის” თანადაფინანსებით (70% ნერგები, 50% სარწყავი სისტემა) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ მამუდლოში 7 ჰა-ზე მაყვლისა და ჟოლოს ბაღი გააშენა. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, პირველ მოსავალს წელს ელოდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სარწყავი წყლის დეფიციტი აქვთ, რაც ბაღს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 

“ჯამში, ნერგებში და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის დაახლოებით 53 ათასი ლარი მივიღეთ. ამ ეტაპზე გვყავს მოსავლის შესყიდვის მსურველები, თუმცა, რამდენად რეალური იქნება, ეს უკვე რეალიზაციის პროცესში გამოჩნდება. სავარაუდოდ, კრეფა დაიწყება მომავალ კვირას. მოყვარულ მებაღეებს მაყვლისა და ჟოლოს ბაღების გაშენების სურვილი გაგვიჩნდა, რადგან ხშირად გვესმოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან და ასევე დონორი ორგანიზაციებიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე დიდი იყო მოთხოვნა კენკროვანი კულტურებისადმი.  ასევე, ვინაიდან პროფესიით ექიმი გახლავართ, თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოგვეყვანა, რაც ასევე ფინანსურად მომგებიანი იქნება.

ვფიქრობთ, წელს 15-15 ტონა მაყვალსა და ჟოლოს მოსავალს მივიღებთ. ადგილობრივი შემსყიდველები, ხშირ შემთხვევაში, პროდუქციაში იმდენად დაბალ ფასს გვთავაზობენ, რომ ფაქტიურად თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავს. არიან ექსპორტიორი კომპანიებიც… ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ექსპორტზე გატანას… წინასწარ საუბარი არ მინდა. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელიც უნდა გადავლახოთ და მათ შორის არის სარწყავი წყლის დეფიციტი. ძალიან ხშირად არ მოგვეწოდება ფერმერებს წყალი, რაც სერიოზული პრობლემაა. გვქონდა უკვე რამდენიმეჯერ კომუნიკაცია საქართველოს მელიორაციასთან და შეგვპირდნენ საკითხის მოგვარებას,”-აცხადებს ფერმერი. 

მისივე თქმით, 1 კგ. ჟოლოს ღირებულება ადგილზე დაახლობით 5 ლარია. რაც შეეხება მაყვალს, ჯერ  არ დამწიფებულა, შესაბამისად, საბაზრო ღირებულებაც უცნობია.

ალექსანდრე იუკურიძეს სიღნაღის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაგაში 15 ჰა მიწაზე ჟოლოსა და მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული. როგორც ამბობს, 2017 წელს მანაც მიიღო თანადაფინანსება “დანერგე მომავლის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ფერმერმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათ მხოლოდ მოსავალი მოჰყავთ და ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ ბევრი კომპანიაა, რომლებიც ფერმერებისგან მოსავალს ყიდულობენ. შესაბამისად, ფერმერს პროდუქციის დისტრიბუცია და საბოოლოო მომხმარებელთან მიტანა თავად არ უწევს.

“2017 წლის ბოლოს დავასრულეთ ბაღის გაშენება, საბოლოოდ, 5 ჰექტარზე- ჟოლო, დანარჩენ 10 ჰექტარზე კი მაყვალი გავაშენეთ. როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით მოსავალს, თუმცა ამ წელსვე გვინდა მოსავლის ყატარსა და დუბაიში გატანა. შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის საკმაოდ დიდ ფართობზეა ბაღები გაშენებული, ამის გამო ბაზარზე დიდი კონკურენციაა. მაგალითად, 3-4 წლის წინ ბევრად უფრო მარტივი იყო მოსავლის გაყიდვა,”-ამბობს ფერმერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი