ზაქარეიშვილის თქმით, “პუტინი შტერი არ არის და მან კარგად იცის, რომ საქართველო არ დათანხმდება ისეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომელშიც აფხაზეთი მხარედ იქნება მოხსენიებული”.
“არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის დროს საქართველოს რკინიგზაზე უარი არასდროს უთქვამს. შევარდნაძის და სააკაშვილის დროს მოლაპარაკებები მიდიოდა, ლაპარაკი კი არა – მოლაპარაკებები. სამუშაო ჯგუფები არსებობდა, რომლებიც თვეების განმავლობაში მუშაობდნენ რკინიგზის აღდგენაზე. ჩვენ ვამბობთ, გამორიცხული არაფერია, თუ ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, ეს არის უსაფრთხოება რეგიონში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მკაფიოდ გამოკვეთა. შეიძლება ტერიტორია ოკუპირებული იყოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აფხაზური მხარე მხარედ არ უნდა წარმოჩინდეს. პუტინმა კი აფხაზეთი ახსენა, აფხაზეთთან ერთად მოხდება ინიცირებაო და იდეა იქვე დამარხა. ეკონომიკური პროექტი ნიშნავს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებას, სადაც განხილული იქნება საქართველოს რკინიზგის მონაკვეთი აფხაზეთზე. პუტინმა საქმე გააფუჭა, ანუ მას არ უნდა რკინიგზის აღდგენა. პუტინი შტერი არაა, მან კარგად იცის საქართველო რაზე არ წავა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა იმედის ეთერში.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი და აფხაზეთი მზად არიან შექმნან სატრანზიტო რკინიგზა მოსკოვს, სოხუმს, თბილისსა და ერევანს შორის.
“შესაძლებლად მივიჩნევთ, ერთად ვიფიქროთ და ერთობლივი თანხმობის შემთხვევაში განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა ტრანზიტული სარკინიგზო კავშირი სოხუმის მიმართულებით თბილისში და შემდეგ, ერთი მხრივ, სომხეთის და მეორე მხრივ, რუსეთის მიმართულებებით,”- განუცხადა პუტინმა 24 ნოემბერს ჟურნალისტებს სოჭში, სადაც აფხაზეთის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასაც ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.”