ახალი ამბები

კომპენსაციის სანაცვლოდ სკოლის დატოვება დაახლოებით 6000 პენსიონერ პედაგოგს სურს – სამინისტრო

4 ივნისი, 2019 • 2498
კომპენსაციის სანაცვლოდ სკოლის დატოვება დაახლოებით 6000 პენსიონერ პედაგოგს სურს – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 6 ათასმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოთქვა კომპენსაციის მიღების და სკოლის დატოვების სურვილი.

პედაგოგების ზუსტ რაოდენობას, რომელთაც სურთ ორი წლის ჯამური ხელფასის სანაცვლოდ სკოლა დატოვონ, სამინისტრო რამდენიმე კვირაში გახდის საჯაროს. ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ კომპენსაციის მსურველი პედაგოგთა რიცხვი მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შემდეგ კიდევ შეიცვლება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობა ისევ ექნებათ. პედაგოგმა შესაბამისი განცხადებით 2019 წლის ბოლომდე უნდა მიმართოს უწყებას.

23 მაისს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ გამოცდაზე  3 ათასზე მეტი საპენსიო ასაკის პედაგოგი დარეგისტრირდა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის ინფორმაციით, საქართველოში სულ დაახლოებით 33 ათასი პრაქტიკოსი მასწავლებელია, აქედან 11 ათასამდე პენსიონერია. ამ დრომდე უცნობია, რამდენი ლარი დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის 2-წლიანი კომპენსაციის მიცემა.

“ზუსტად რა ბიუჯეტზეა საუბარი, ვერ გეტყვით. 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა არ იყო, თუმცა მოლაპარაკებები არის მთავრობასთან და, შესაბამისად, ამ თანხებს მოვიძიებთ. დაფინანსება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, არც შეთავაზება იქნებოდა,” – უთხრა “ბათუმელებს” მანანა რატიანმა.

13 მაისს მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპების შესახებ ისაუბრა.  მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

ბატიაშვილის განცხადებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით). სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი