ფეისბუკზე ბოლო ორი დღეა ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვდება წლების წინ გაუჩინარებული კაცი თავის ოჯახსა და დედას. ვიდეოს ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს, რომელთა ნაწილი მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსიას ჰყვება.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, კაცი პატარა ასაკში აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთმა გაარკვია, ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.
ნეტგაზეთი ესაუბრა მარტვილის მერიის წარმომდგენელს, ირაკლი დანელიას. ის იმ ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც 24 წლის წინ მოზარდი დაიკარგა. როგორც დანელია ნეტგაზეთს უყვება, ოჯახში 24 წლის შემდეგ დაბრუნებული კაცის ისტორია “ძალიან უცნაურია” და გაუჩინარებაზე მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვს:
“თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი აფხაზეთის ომში დაიკარგა, თუმცა ეს ასე არ არის. ის სოფლიდან 1995 წლის შემდეგ წავიდა, ანუ იმ დროს, როდესაც აფხაზეთის ომი უკვე დასრულებული იყო. მისი ოჯახი მარტვილის რაიონში, სოფელ ნაგებერავოში ცხოვრობს.
როგორც მე მომიყვნენ, გაუჩინარებისას 10 წლამდე ასაკის იქნებოდა. ის თანატოლ დეიდაშვილთან ერთად წავიდა თბილისში, სადაც მისი კვალი დაიკარგა. ოჯახს პერიოდულად ესმოდა ხმები, რომ თითქოს ბავშვს თბილისში ხედავდნენ, ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ის მტკვარში საცურაოდ შევიდა და ვეღარ გამოვიდა. მოკლედ, ბავშვი თბილისში ვერ მოძებნეს”, – უთხრა ირაკლი დანელიამ ნეტგაზეთს.
როგორც დანელია ამბობს, ის ასევე ესაუბრა 24 წლის წინ გაუჩინარებულ და სახლში დაბრუნებულ პირს, რომელიც ახლა 30 წელზე მეტი ასაკისაა.
“როცა მე ამ კაცს ვესაუბრებოდი, მითხრა, რომ თავისი ისტორია მონაკვეთებად ახსოვს. მაგალითად, ის ვერ იხსენებს სოფელში გატარებულ წლებს, ვერ იხსენებს ბოლომდე, თუ როგორ ან სად ცხოვრობდა თბილისში… ბუნდოვნად ახსოვს თითქოს ისიც, რომ გარკვეული ტრავმები ჰქონდა და მოიტაცეს კიდეც. საბოლოოდ, ის თერჯოლაში აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთმა ოჯახმა შეიფარა და როგორც შვილს, ისე ზრდიდნენ. იმ ოჯახს თავად დედ-მამად მოიხსენიებს”, – ამბობს ირაკლი დანელია.
მისივე ინფორმაციით, დაკარგულმა თავისი ოჯახი სულ ცოტა ხნის წინ შემთხვევით იპოვა.
“რამდენიმე თვის წინ ჩხუბის გამო სამართალდამცველებმა ის დააკავეს. ციხეში მან შემთხვევით თავისი თანასოფლელი და ნათესავი ნახა, რომელმაც ის იცნო და ჰკითხა, შენ ესა და ეს არ ხარო? ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის დაუკავშირდა სხვა თანასოფლელებს სოციალური ქსელების მეშვეობით და ბოლოს, როგორც ყველამ დაინახა, იპოვა კიდეც თავისი ოჯახი”, – უთხრა ნეტგაზეტს ირაკლი დანელიამ
24 wlis shemdeg dedam shvili ipova
Posted by Dato Sarchimelia on Sunday, 2 June 2019