ახალი ამბები

მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა დეცენტრალიზაციაზე – არასამთავრობოები

3 ივნისი, 2019 •
მთავრობას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა დეცენტრალიზაციაზე – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხაზს უსვამენ, რომ მთავრობასა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს არ აქვთ ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე.

როგორც ისინი აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაზე მთავრობა ერთი წელია რაც მუშაობს, მკაფიო სამოქმედო გეგმა დღემდე არ არსებობს. ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ დეცენტრალიზაციის საკითხის ირგვლივ ყველა საჭირო საკითხზე მთავრობას წინადადებებით არაერთხელ მიმართეს.

“სამწუხაროდ, მიმდინარე პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავრობას და მის სხვადასხვა უწყებას არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი განვითარების საკითხებზე. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 21 მაისს წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმზე, სადაც აშკარად გამოჩნდა სამთავრობო უწყებების განსხვავებული ხედვები.

დღეს არსებული პროექტი შეუძლებელია ჩაითვალოს დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიის სრულფასოვან დოკუმენტად, ვინაიდან ამ დოკუმენტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება ექნებათ მუნციპალიტეტებს 2025 წლისათვის და, შესაბამისად, რა შესაძლებლობები – მოსახლეობისთვის ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების მისაწოდებლად.

დოკუმენტის ამ ხარვეზიდან გამომდინარე, არ არსებობს მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელშიც იქნება გაწერილი სტრატეგიით დასახული ღონისძიებების განხორციელების ვადები და შესაბამის გადაწყვეტილებებზე პასუხიმგებელი უწყებები”, – წერია განცხადებაში.

გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ  დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა, რომელიც მოახდენს მუნიციპალიტეტების სტიმულირებას, თავიანთი ეკონომიკური აქტივობით გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და ამით უზრუნველყონ საკუთარი კომპეტენციების თუნდაც ნაწილობრივი დაფინანსება.

დღეს არსებული სისტემა კი აიძულებს თვითმმართველობებს, საკუთარი უფლებამოსილებების შესასრულებლად აუცილებელი თანხების მისაღებად მუდმივად ორიენტირებულები იყვნენ ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი სისტემა ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას, აფერხებს მათი და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

“მიუხედავად „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი ვალდებულებისა, შესაბამის სამუშაო ჯგუფებში ჩართული ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეთავაზებებისა და ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ მიღებული დაპირებისა, დოკუმენტის პროექტში, პრაქტიკულად, არაფერია ნათქვამი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის თაობაზე, არ არის განსაზღვრული, რა კატეგორიის მიწა და რა ვადებში გადაეცემათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ხოლო ფინანსური დეცენტრალიზაციის კუთხით, განსაკუთრებით, საშემოსავლო გადასახადის ზიარ გადასახადად ქცევის შესახებ არსებული ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია და არ ატარებს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებით ხასიათს”, – ნათქვამია წერილში.

გარდა ამისა, არასამთავრობოების მოსაზრებით, პრობლემად რჩება სამთავრობო პოლიტიკის ის ნაწილი, როცა სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა უწყებები ცდილობენ, მათთვის წამგებიანი, დოტაციური უფლებამოსილებები ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე გადასცენ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც რესურსები არ ჰყოფნით არათუ ახალი, არამედ დღეს არსებული უფლებამოსილებების ხარისხიანად განხორციელებისთვისაც კი.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ სამთავრობო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია, ჩამოყალიბდეს სახელმწიფო პოლიტიკა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებსა და მათი ფინანსური რესურსების თანაზომადობის კუთხით (რაც საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაცაა), ამიტომ არ შეიძლება, სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, უფლებამოსილებების გადაცემის პროცესი წინ უსწრებდეს თვითმმართველობებისათვის ფინანსური და ქონებრივი რესურსების გადაცემას.

მათივე თქმით, ზოგადად, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამთავრობო დოკუმენტი უნდა მოიცავდეს სხვა არაერთ საკითხს, რომელიც აწესრიგებს მუნიციპალური მართვის სახვადასხვა სფეროს.

“შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მიგვაჩნია, მივმართოთ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებით: მისთვის მისაღებ ფორმატში წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ამოცანებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული „თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ პრინიციპებთან და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“
  3. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  4. საერთაშორისო ასოციაცია კივიტას გეორგიკა
  5. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  8.  საქართველოს მედია-კლუბი
  9. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  10. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  11. სათემო განვითარების ცენტრი
  12. გორის საინფორმაციო ცენტრი
  13. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  14. დემოკრატ მესხთა კავშირი
  15. საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  16. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  17. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  18. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  19. რეგიონის განვითარების ცენტრი
  20. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  21. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  22. აგროგილდია
  23. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი