გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) მომავალ კვირაში განიხილავს კიევის საჩივარს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიასთან და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით, — წერს „რადიო თავისუფლება“.
რუსეთის წარმომადგენლები სავარაუდოდ 3 ივნისს წარადგენენ თავიანთ არგუმენტებს ჰააგაში, უკრაინა კი მომდევნო დღეს. არგუმენტების წარდგენის მეორე რაუნდი 6-7 ივნისსაა დაგეგმილი.
უკრაინამ სასამართლოში 2017 წლის იანვარში უჩივლა რუსეთს „ტერორიზმის დაფინანსებისა“ და „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციების დარღვევის მუხლებით.
2017 წლის აპრილში ჰააგის სასამართლომ წინასწარი ვერდიქტი გამოიტანა და რუსეთს მოუწოდა, შეეწყვიტა რასობრივი დისკრიმინაცია ყირიმელი თათრებისა და ეთნიკურად უკრაინელი ადამიანების მიმართ ყირიმში. მოსკოვმა 2014 წლის მარტში მოიპოვა ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლი.
მოსმენების წინ, რუსეთის საგარეო სამინისტრომ განაცხადა რომ მათი წარმომადგენლები ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ეს საქმე ICJ-ის, — გაეროს უმაღლესი სასამართლოს — იურისდიქციის ქვეშ არ არის.